მიკროსაფინანსო სექტორს მოგება გაეზარდა. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მათ წლის პირველ სამ კვარტალში 99,6 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც გასული წლის სამი კვარტალის შედეგებს 10%-ით აღემატება.
სექტორის მოგებიანობას ძირითადად სალომბარდე სესხების ზრდა განაპირობებს. მიკროსაფინანსოების სასესხო პორტფელში ნახევარი სწორედ სალომბარდე სესხებს უჭირავს.
მესამე კვარტალის მდგომარეობით, სულ ლომბარდებიდან 947.5 მლნ ლარია გაცემული, 137 მლნ ლარით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები, მესამეზე ვაჭრობის და მომსახურების დაკრედიტებაა.
გაზრდილია მისო-ების წმინდა საპროცენტო შემოსავლებიც. 2024 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსოების წმინდა საპროცენტო შემოსავალი 38 მილიონით, 259,3 მლნ ლარამდე გაიზარდა.
მესამე კვარტალის მდგომარეობით, ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური საკრედიტო პორტფელი 1.9 მლრდ ლარია, ზრდა წლიურად 317 მლნ ლარს აღემატება, საიდანაც ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე 1.93 მლრდ ლარი მოდის, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა კი 24,9 მილიონი ლარია.