მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში მომხმარებელთა უფლების დარღვევის 128 ფაქტი დადასტურდა, განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობას ეხება - GCCA

ონლაინ-შოპინგი

GCCA მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, GCCA-ში - 996 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2940 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ GCCA-ის ცნობით, განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 128 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 198 საქმეზე. ამასთან, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 63 მოვაჭრეს - 106 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 114 283 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 135 საქმეზე - 122 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

"საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5%, იმერეთი 5%, კახეთი 2%, ქვემო ქართლი 2% და სხვ.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 329 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 323, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 169, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 67, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 34, ხოლო სხვა დანარჩენზე - 74.

სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 17%", - იტყობინება GCCA.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები