საქართველოში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში გაჩერებისა და დგომის წესების დარღვევის 885 565 შემთხვევა გამოვლინდა.
შსს-ს სტატისტიკაში ეს კატეგორია აერთიანებს როგორც ამკრძალავი ნიშნების („გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“) მოთხოვნების უგულებელყოფას, ისე დგომისა და გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევას.
სამართალდარღვევების გეოგრაფიული განაწილება აჩვენებს, რომ პრობლემა ყველაზე მასშტაბურია დედაქალაქში. 9 თვეში თბილისში 653 587 შემთხვევა აღირიცხა, რაც ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი დარღვევების დაახლოებით 74%-ია.
რეგიონებს შორის მეორე ადგილზე აჭარაა 64 435 შემთხვევით, მესამეზე კი - იმერეთი 57 234-ით. ქვემო ქართლში მაჩვენებელმა 37 462 შეადგინა.
სტატისტიკაში ცალკეა გამოყოფილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების გამოყენების წესების დარღვევაც. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 15 218 შემთხვევა, როდესაც ასეთ ადგილზე ავტომობილი არაუფლებამოსილმა პირმა გააჩერა ან შესაბამის პანდუსზე გადაადგილებას ხელი შეუშალა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა ქვეითთა გადასასვლელებსა და ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერებას უკავშირდება. 9 თვეში 10 526 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ კატეგორიაში განსაკუთრებით მაღალია აჭარის მაჩვენებელი - 8 983 შემთხვევა, მაშინ, როდესაც თბილისში სულ 758 შემთხვევა აღირიცხა.
გარდა ამისა, გაჩერებისა და დგომის წესების დარღვევის 2 313 შემთხვევას საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის საცობის გამომწვევი შეფერხება მოჰყვა.
























