„2025 წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფანზე, ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 12,721 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით მეტია", - ეს "ეს ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, შუა დერეფანი დიდი ეკონომიკური დოვლათის მომტანი გახდება ქვეყნისთვის.
„აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს რომ აღნიშნულ დერეფანში სატვირთო გადაზიდვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. რკინიგზის მოდერნიზაციის და გამტარუნარიანობის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი რეფორმის კვალდაკვალ, შუა დერეფანი კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური დოვლათის მომტანი გახდება ქვეყნისთვის," - ამბობს იოსელიანი.
მისივე ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში რკინიგზით იმპორტის რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 2.5 მლნ. ტონა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით მეტია (2.2 მლნ. ტონა).
საგრძნობი მატება დაფიქსირდა, მათ შორის, რკინიგზით გადაზიდულ კონტეინერების რაოდენობაში, კერძოდ, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში რკინიგზით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 79,239 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3%-ით მეტია (67,573 TEU).




























