წლის პირველ სამ კვარტალში რიტეილ სექტორს 16-17%-იანი სტაბილური ზრდა ჰქონდა, ხოლო მეოთხე კვარტალში, „შავი პარასკევისა“ და წინასაახალწლო პერიოდის ხარჯზე, კომპანიები მაღალ აქტივობასა და წლის დადებითი შედეგებით დახურვას ელიან. ამის შესახებ "სინომი რიტეილის" დირექტორმა "საქმის კურსში" სტუმრობისას განაცხადა.
"შედეგები სტაბილურად კარგია, არ ყოფილა დინამიკაში ცვლილება, სტაბილურად ორნიშნა ზრდაა და დაახლოებით 16-17%-ით გაუმჯობესებაა შარშანდელთან შედარებით. ამ ბოლო წლების განმავლობაში ასეთმა ზრდამ გვიბიძგა იმისკენ, რომ ახალი ბრენდების შემოყვანაზე გვეფიქრა. არაერთ ბრენდს ვესაუბრებით და, სხვათა შორის, ერთ-ერთი, რითაც თავი მოგვქონდა, ეს არის იმპორტის რეგულაციები — როგორი მარტივია საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით და ვარწმუნებდით მათ, რომ იგივე ლოგისტიკური ჰაბები საქართველოში გაეკეთებინათ. ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ, რამდენიმე ქვეყანაში ვართ და გვინდოდა, რომ საქართველოდან ხდებოდეს დისტრიბუცია ამ სხვადასხვა ბაზრებზე. ფინანსური მოდელებიც აწყობილი იყო იმ ვითარებაზე, რომელიც, ვთქვათ, 10 დღის წინ გვქონდა და ახლა ბევრი რამე იქნება თავიდან გადასათვლელი, შესათანხმებელი და შესაგუებელი [ტანსაცმლის განბაჟების ცვლილების გამო]. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ ამ სიტუაციის ნორმალიზებას.
ხვალ შავი პარასკევია, რიტეილში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღე. მომარაგებულია მაღაზიები ახალი კოლექციით, სპეციალურად ამ დღისთვის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პროდუქცია შემოდის ხოლმე მაღაზიებში და ველოდებით ძალიან ბევრ მომხმარებელს. ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება შედეგები. ვფიქრობ, რომ ახალი წლის პერიოდიც ძალიან აქტიურად ჩაივლის და წელიწადი ძალიან კარგი შედეგებით დაიხურება",-განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.
























