"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი CEO გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია - ამის შესახებ განცხადება დღეს პროკურატურამ გააკეთა. უწყების თანახმად, ბაჩიაშვილმა "სრულად აანაზღაურა ზიანი" და აღიარა ბრალი. ასევე მორიგება შედგა სამოქალაქო საქმეზე, რომელშიც მხარე იყო ბიძინა ივანიშვილი და მის ფარგლებში ბაჩიაშვილს ივანიშვილი 9000 ერთეული ბიტკოინის (მიმდინარე ფასი 606 მილიონი დოლარი) გადახდას ედავებოდა.
საქმეზე კომენტარი გააკეთა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა, მისი თქმით, შეთანხმებები შედგა როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო საქმეზე.
"საპროცესო გარიგება შედგა გიორგი ბაჩიაშვილსა და პროკურორს შორის ჩემი მონაწილეობით, როგორც კანონი ითვალისწინებს დაზარალებულის წარმომადგენელი მსგავს გარიგებაში არ მონაწილეობს. დაზარალებულს [ბიძინა ივანიშვილი] და ბაჩიაშვილს შორის მორიგება სამოქალაქო საქმეზე შედგა,"- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
2025 წლის 1 მაისს სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს სამოქალაქო საქმის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურა და დაზარალებულის სტატუსით ბიძინა ივანიშვილი დავობდნენ:
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლისსამართლებრივი საქმე მიმდინარეობდა, მათ შორის პირველ საქმეზე, რომელიც ივანიშვილის ბანკისგან 2015 წელს კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის აღებულ სესხს შეეხება, ბაჩიაშვილს 2025 წელს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ეს საქმე 2023 წელს ბიძინა ივანიშვილის სარჩელით დაიწყო, რომელიც დავობდა, რომ "ქართუ ბანკის" მიერ მიცემული სესხი სინამდვილეში არა სესხს, არამედ ბიძინა ივანიშვილის როგორც ინვესტორის შენატანს წარმოადგენდა. საქმის მასალების თანახმად, ამ კრედიტის გარანტირება ბანკში ივანიშვილის დეპოზიტით მოხდა. იმის მიუხედავად რომ ბაჩიაშვილმა საკრედიტო ვალდებულება პირნათლად გაისტუმრა, მას ივანიშვილისთვის ამ ინვესტიციით მიღებული შემოსავლის გადაცემა არ მოუხდენია. ივანიშვილი ამ საქმეში 9000 ბიტკოინზე დავობდა, რაც ბაჩიაშვილმა ბანკისგან მიღებული სესხით გამოიმუშავა. ეს ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა საქართველოში როდესაც ბანკის ბენეფიციარი მფლობელი დავობდა იმ შემოსავალზე რაც ინვესტორმა მიიღო იმ ბიზნესპროექტიდან რომელიც ბანკმა დააფინანსა, მაშინ როდესაც ამ პროექტით გათვალისწინებული საბანკო ვალდებულების სრულიად დაფარვა მოხდა. მეტიც, ამ საქმემდე არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობდა მსგავს საქმეებს. იმის დასამტკიცებლად, რომ "ქართუ ბანკის" სესხი მართლაც კრედიტი იყო და არა ივანიშვილის როგორც ინვესტორის შენატანი, ბაჩიაშვილმა სასამართლოზე მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის 2015 წლის 10-წუთიანი სატელეფონო ჩანაწერი წარადგინა, თუმცა ქართულმა ექსპერტიზამ ამ საუბარში ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო.
ამასთან, ამ საქმეში ჩაერთო ეროვნული ბანკიც, რომელმაც "ქართუ ბანკს" რომელმაც ივანიშვილის დავალებით გასცა სესხი ინტერესთა კონფლიქტის ნორმების დარღვევისთვის 200,000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამ საქმეში ბრალდების მხარის მოწმედ წარდგა.
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს დატოვა, მომხდარიდან მალევე საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11-წლიანი პატიმრობა. 2025 წლის 27 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი სუსმა საქართველოში დააბრუნა. ამასთან, საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბაჩიაშვილს 2025 წლის სექტემბერში 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა პატიმრობა (აღნიშნულ პატიმრობას ვადით უფრო ხანგრძლივი 11-წლიანი პატიმრობა შთანთქავდა, რაც ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე ჰქონდა მისჯილი).
კიდევ ერთი საქმე, რომელზეც ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა მისჯილი უკავშირდება "მტკვარი ჰესის" პროექტს. ივანიშვილი დავობდა, რომ ჰესის პროექტის 100 მილიონი დოლარით გაძვირება გიორგი ბაჩიაშვილის როგორც თანაინვესტირების ფონდის მენეჯერის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა, მაშინ როდესაც აღნიშნული განპირობებული იყო იმით რომ 2017 წელს ჰესის მშენებლობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტის, 9.6-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანისას გვირაბის სათხრელი მანქანა TBM გაიჭედა, მაშინ როდესაც 7.3 კმ უკვე გაყვანილი იყო. მომხდარის გამო პროექტის სადერივაციო გვირაბის პროექტის შეცვლა გახდა საჭირო, რასაც დამატებითი საინჟინჟინრო საპროექტო და სანებართვო სამუშაოები დასჭირდა. განახლებულ პროექტზე შესაბამისი ნებართვა სახელმწიფომ მხოლოდ 2019 წლის ივნისში გასცა, შემდეგ კი მშენებლობა კოვიდ პანდემიის გამო შეფერხდა, რასაც სამშენებლო მასალების მაღალი ინფლაციაც დაერთო, რასაც საბოლოოდ პროექტის ღირებულების 236 მილიონ დოლარამდე მატება მოჰყვა. შესაბამისად, დავა სწორედ პროექტის გაძვირებას შეეხება და მასში ივანიშვილი მოითხოვს ბაჩიაშვილის პატიმრობას იმის გამო, რომ მან როგორც მენეჯერმა არ გაითვალისწინა პროექტთან ასოცირებული შესაძლო საინჟინრო რისკები, რაც წარდგენილი იყო პროექტის შეფასების დოკუმენტში მაშინ როდესაც ფონდმა ამ პროექტის განხორციელება დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე ბაჩიაშვილისთვის განაჩენი არ იყო გამოტანილი.
როგორც დღეს ხდება ცნობილი, გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის წინააღმდეგ წარდგენილი ყველა ბრალი და მის წინააღმდეგ ყველა სისხლის სამართლის საქმე დახურულია.




























