მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$926 მილიონის ნაცვლად $743 მლნ - Credit Suisse-ს ივანიშვილის კომპენსაციის თანხა შეუმცირდა

643555d4599dc
BM.GE
19.09.23 16:29
1017

შვეიცარიული  Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია შემცირდა. სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის მაისში მიღებული განაჩენით, Credit Suisse-ის სინგაპურულ სატრასტო შვილობილს ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. თუმცა, როგორც მაშინ ითქვა ჯარიმის საბოლოო ოდენობა შესაძლოა დაკორექტირებულიყო, რაც პარალელურად, სხვა იურისდიქციაში მიმდინარე დავების შედეგებსაც უკავშირდებოდა.

თუმცა, ეს ამ პროცესის დასასრული არაა, რადგანაც თავის მხრივ, Credit Suisse-ი კომპენსაციის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ვერდიქტში მოსამართლე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი პასუხისმგებელია პირადი ბანკირის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ქმედებებზე და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. 2020 წლის ზაფხულში ლესკადრონმა თავი მოიკლა.

თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები