"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ორი სასამართლო დავიდან, რომლებიც მრავალი წელია სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარეობს, ერთი დასრულდა და სასამართლომ მას თანხები 30 სექტემბერს მიაკუთვნა, რასაც Credit Suisse-მა ხელი უკვე ვეღარ შეუშალა. ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ჯერ კიდევ 21 სექტემბერს ივანიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამ განაჩენის გამოტანის შემდეგ მან დაურეკა აშშ-ის ელჩს და შეხვედრა სთხოვა. თუმცა, თავად სინგაპურის სასამართლოს ვებგვერდზე, www.elitigation.sg-ზე შესაბამისი გადაწყვეტილება არ გამოქვეყნებულა. აღნიშნულის თაობაზე BMG-იმ კითხვით მიმართა ბიძინა ივანიშვილის იურისტს, თუმცა მან ჩვენ კითხვას პასუხი არ გასცა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 30 სექტემბერს იყო მიღებული, შეეხებოდა კომპენსაციის მოცულობას, რასაც წინ უძღოდა ამავე სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ივანიშვილმა საბოლოო გამარჯვება მოიპოვა Credit Suisse-ის წინააღმდეგ. 5 ივლისის განაჩენით, ივანიშვილისადმი მისაკუთვნებელი კომპენსაცია 742.7 მილიონით იყო განსაზღვრული, თუმცა ის მხარეთა ექსპერტების ჩართულობით დამატებით დაზუსტებას საჭიროებდა, რაც ივანიშვილის განცხადებით მხოლოდ ორი საათის საქმეს წარმოადგენდა, თუმცა ეს პროცესი Credit Suisse-ის ექსპერტმა გააჭიანურა და მას სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.
"როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა Credit Suisse-მა და ეს დასრულდა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა,"- განაცხადა ივანიშვილმა.
სინგაპურის სასამართლომ 2023 წელს ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან დავაში კომპენსაციის სახით 742.7 მილიონი დოლარი მიაკუთვნა, რაც მისი ყოფილი პირადი ბანკირის მიერ ჩადენილი თაღლითური ქმედებებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას წარმოადგენდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო, თუმცა საბოლოოდ 2024 წლის 11 ივლისს სინგაპურის სასამართლომ არ გაიზიარა Credit Suisse-ის არგუმენტი და გამარჯვება ივანიშვილს მიაკუთვნა. თუმცა ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა რომ კომპენსაციის ზუსტი ოდენობა უნდა ყოფილიყო დადგენილი, რადგანაც იმის გამო რომ თითქმის ანალოგიური დავა განიხილება ბერმუდის კუნძულებზე, სადაც კომპენსაციის სახით 607.3 მილიონი დოლარი არის განსაზღვრული, ამ ორ კომპენსაციას შორის არსებობდა თანაკვეთა და სწორედ ამიტომ გასაცემი თანხა უნდა გადათვლილიყო, რისთვისაც ორივე მხარის ექსპერტს უნდა წარედგინა საკუთარი პოზიცია. ივანიშვილის თქმით, ეს საქმე მხოლოდ 1-2 საათს მოითხოვდა, თუმცა Credit Suisse-ის ექსპერტმა ამ პროცესს 2 თვე მოანდომა, რაც მხოლოდ და მხოლოდ დროის გაჭიანურების მიზნით მოხდა, ხოლო 30 სექტემბერს სასამართლომ საბოლოოდ გასცა გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის თაობაზე, რასაც Credit Suisse-მა ხელი ვეღარ შეუშალა. თუმცა ინტერვიუში ივანიშვილს არ განუცხადებია თუ რა მოცულობის კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და შენარჩუნდა თუ არა ის მოცულობა, რაც აქამდე იყო ცნობილი, რაც 742.7 მილიონ დოლარს შეადგენდა.
სწორედ აღნიშნულის თაობაზე მიმართა BMG-იმ კითხვით ივანიშვილის იურისტს, რომლისგანაც პასუხი არ მიგვიღია.