მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ, წინა კვირაში უკვე დავურეკე აშშ-ის ელჩს და შეხვედრა ვთხოვე - ივანიშვილი

ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ორი სასამართლო დავიდან რომლებიც მრავალი წელია სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარეობს, ერთი დასრულდა და სასამართლომ მას თანხები 30 სექტემბერს მიაკუთვნა, რასაც Credit Suisse-მა ხელი უკვე ვეღარ შეუშალა. ტელეკომპანია "იიმედთან" ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამ განაჩენის გამოტანის შემდეგ მან დაურეკა აშშ-ის ელჩს და შეხვედრა სთხოვა.

"როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა Credit Suisse-მა და ეს დასრულდა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა.

ვთქვი, რომ ის მიზეზები რაც იყო რეალურად, თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანმრთელი, ძალიან ჯანსაღი, რომ იქიდანაც სურვილი არსებობს ამის და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას. დანიშნულია შეხვედრა და მე მაქვს იმედი, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს სურვილი,"- განაცხადა ივანიშვილმა.

სინგაპურის სასამართლომ 2023 წელს ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან დავაში კომპენსაციის სახით 742.7 მილიონი დოლარი მიაკუთვნა, რაც მისი ყოფილი პირადი ბანკირის მიერ ჩადენილი თაღლითური ქმედებებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას წარმოადგენდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო, თუმცა საბოლოოდ 2024 წლის 11 ივლისს სინგაპურის სასამართლომ არ გაიზიარა Credit Suisse-ის არგუმენტი და გამარჯვება ივანიშვილს მიაკუთვნა. თუმცა ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა რომ კომპენსაციის ზუსტი ოდენობა უნდა ყოფილიყო დადგენილი, რადგანაც იმის გამო რომ თითქმის ანალოგიური დავა განიხილება ბერმუდის კუნძულებზე, სადაც კომპენსაციის სახით 607.3 მილიონი დოლარი არის განსაზღვრული, ამ ორ კომპენსაციას შორის არსებობდა თანაკვეთა და სწორედ ამიტომ გასაცემი თანხა უნდა გადათვლილიყო, რისთვისაც ორივე მხარის ექსპერტს უნდა წარედგინა საკუთარი პოზიცია. ივანიშვილის თქმით, ეს საქმე მხოლოდ 1-2 საათს მოითხოვდა, თუმცა Credit Suisse-ის ექსპერტმა ამ პროცესს 2 თვე მოანდომა, რაც მხოლოდ და მხოლოდ დროის გაჭიანურების მიზნით მოხდა, ხოლო 30 სექტემბერს სასამართლომ საბოლოოდ გასცა გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის თაობაზე, რასაც Credit Suisse-მა ხელი ვეღარ შეუშალა. თუმცა ინტერვიუში ივანიშვილს არ განუცხადებია თუ რა მოცულობის კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები