სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აბაშის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტში საწვავის ხარჯვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. კერძოდ, 399 შემთხვევაში ავტომობილებში 10,3 ტონა საწვავი ჩასხმულია მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ მდებარე ავტოგასამართ სადგურებში, რაც არ უკავშირდება საჯარო მოხელეების სამსახურებრივ მოვალეობას.
აუდიტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას, საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული 2-3 სამორიგეო ავტომანქანის გარდა, ასევე იყენებდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ 40-49 ავტომობილს. 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტმა დახარჯა 259,6 ათასი ლარის ღირებულების 112 ტონა საწვავი, მათ შორის საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე – 76 ტონა.
დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ საწვავის ჩასხმა ხორციელდებოდა როგორც აგაი სისტემის (ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა) მეშვეობით, ასევე უნომრო პლასტიკური (VIP) ბარათებით.
აუდიტის დოკუმენტის მიხედვით:
-
„2022-2023 წლებში უნომრო პლასტიკური (VIP) ბარათების გამოყენებით გახარჯულია 48,4 ტონა საწვავი, რაც მთლიანად გამოყენებული საწვავის 43%-ია. აღნიშნული ხარჯვა შეიცავს არამიზნობრივი გამოყენების რისკებს, რადგან კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო ვერ დგინდება, გამოიყენებოდა თუ არა საწვავი მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით“;
-
399 შემთხვევაში საწვავი ჩასხმულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მის გარეთ მდებარე სადგურებში;
-
30 შემთხვევაში დოკუმენტურად ჩასხმულია ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი, ხოლო 6 შემთხვევაში მცირე დროის შუალედში საწვავი რამდენიმეჯერ ჩაისხა, რაც ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა;
-
1,4 ტონა საწვავი ჩასხმულია საჯარო მოხელეების შვებულების პერიოდში.
აუდიტის დასკვნით, მერიამ დაარღვია საკრებულოს სამართლებრივი აქტის მოთხოვნები „სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის შესახებ“, ხოლო საწვავის ხარჯვის კონტროლი ვერ უზრუნველყოფდა მის მიზნობრივ გამოყენებას.
აუდიტის რეკომენდაციით, მერიამ უნდა დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები და განიხილოს სამორიგეო ავტომობილების მონიტორინგის მიზნით სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა, რათა აღკვეთოს არასამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის ხარჯვის რისკები.




























