აბასთუმანში ელექტრომობილების 100 დამტენი პუნქტის მოწყობა იგეგმება, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ივლისში გამოცხადებულ ტენდერში არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა საკუთარი შეთავაზება. ფონდი აღნიშნული დამტენების შესყიდვას 3.1 მილიონ ლარად გეგმავდა, შესაბამისად ერთი დამტენის საფასური 31,000 ლარით იყო განსაზღვრული.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, 81 დამტენი აბასთუმნის ცენტრალურ პარკინგზე, ხოლო დანარჩენი 19 დამტენი უშუალოდ დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე უნდა დამონტაჟებულიყო.
კურორტის განვითარების კონცეფციის მიხედვით, აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებენ. პროექტის თანახმად, მოქალაქეები თავიანთ შიგა წვის ავტომობილებს აბასთუმნის ცენტრალურ პარკინგზე დატოვებენ, რომელიც 738 მანქანაზე იქნება გათვლილი, ხოლო უშუალოდ აბასთუმანში მხოლოდ ელექტომობილები იმოძრავებენ.
დაბა აბასთუმანში შიდაწვის ძრავიანი ტრანსპორტის შეზღუდვის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს ავტოსადგომს აბასთუმნის სამხრეთით, რომელიც გათვალისწინებული იქნება 738 მანქანაზე, მათ შორის: 10 განკუთვნილია საქალაქთაშორისო ავტობუსზე, 9 ელექტრო ავტობუსზე (ან მინი-ფურგონი), რომელიც მოემსახურება დაბა აბასთუმანს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო 25 სადგომი განკუთვნილი იქნება შშმ პირებისთვის.
აბასთუმანში ელექტრომობილების ზონის შექმნის იდეა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც ინიციატივის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში განაცხადა.