საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედეში 8 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად 10 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
ტენდერი Design–Build მეთოდით ჩატარდება, რაც გულისხმობს როგორც დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე მის საფუძველზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას.
ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულება 10 მილიონი ლარია. სატენდერო წინადადებები დღგ-ის გარეშე უნდა იყოს წარმოდგენილი.
პროექტი ერისიმედეში მიმდინარე წლის 8 ივლისს უხვი ნალექისა და დატბორვის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებს.
კერძოდ, სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, სარდაფებისა და პირველი სართულების კონსტრუქციული მდგრადობის შეფასება, მათი აღდგენა და გამაგრება.
ასევე გათვალისწინებულია სოფლის დაზიანებული საგზაო ქსელის სრული რეაბილიტაცია და ზედაპირული და სანიაღვრე წყლების გასატარებელი სისტემების მოწყობა ან აღდგენა.
პროექტის კიდევ ერთი მიმართულება სოფლის მიმდებარედ არსებული მდინარეების კალაპოტების გაწმენდა-ფორმირება და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობაა. აღნიშნული სამუშაოების მიზანი მომავალში წყალდიდობისა და დატბორვის რისკების შემცირებაა.
შესრულებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი კალენდარული წლით განისაზღვრება. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%-დან 5%-მდე თანხა დაკავებული იქნება.
ტენდერში მონაწილე კომპანიას 2021 წლის 1 იანვრიდან წინადადებების მიღების დასრულებამდე შენობის ან ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული მინიმუმ 8 მილიონი ლარის ღირებულებით, რაც 10-მილიონიანი ხელშეკრულების 80%-ს შეადგენს.
ამასთან, მინიმუმ ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიას არანაკლებ 2 მილიონი ლარის ღირებულების შესაბამისი სამუშაო უნდა ჰქონდეს შესრულებული.
კომპანიებს წინადადებების წარდგენა 9 სექტემბრამდე შეეძლებათ.




























