მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აბიფარმიმ“ GMP-სერტიფიკატი მიიღო, რისთვისაც ₾4 მლნ-მდე ინვესტიცია დასჭირდა

63b8224d2cf38
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.23 18:55
1212
ქართული ფარმაცევტული კომპანია „აბი ფარმიმ“ GMP სერტიფიკატი მიიღო, რისთვისაც 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ჭანკოტაძე BM.GE-სთან ამბობს, „აბიფარმიმ“ კარგი სამეწარმეო პრაქტიკის სტანდარტების დანერგვაზე მუშაობა 2022 წლის დასაწყისში დაიწყო, წლის ბოლოს კი სერტიფიკატი მიიღო.

„საწარმომ GMP სერტიფიკატი წარმოების სრულ ციკლზე მიიღო, როგორც ანტიბიოტიკის წარმოებაზე, ასევე სტერილურ ფორმებზე. სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობა 2022 წლის დასაწყისში დავიწყეთ და დაახლოებით 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ“, - ამბობს ირაკლი ჭანკოტაძე.

„აბიფარმი“ ქვეყანაში 6 წელია ოპერირებს და კავკასიის რეგიონში ანტიბიოტიკების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. მიმდინარე წელს წეროვანში მოქმედი საწარმო, რომელიც 35 ადამიანს ასაქმებს, 5 მლნ ფლაკონი ანტიბიოტიკების წარმოებას გეგმავს, რაც გასული წლის მოცულობებს 200%-ით აღემატება.

„GMP-ის სტანდარტი წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ანუ GMP-ის სტანდარტი მქონე საწარმოში ისე მიმდინარეობს პროცესები, რომ ხარისხის უზრუნველყოფა და დაცვა წარმოების განუყოფელი ნაწილი ხდება. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოება გაცილებით მაღალ საფეხურზე გადადის. სამწუხაროდ, ამ სტანდარტებს საქართველოში ბევრი ვერ აკმაყოფილებს.

რაც შეეხება ექსპორტის საკითხს, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვერ გაგვქონდა იმის გამო, რომ GMP სერტიფიკატი არ გვქონდა. დღეს ამ სტანდარტის დანერგვა და სერტიფიკატის მიღება ექსპორტის მეტად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს“, - ამბობს ირაკლი ჭანკოტაძე.

„აბიფარმას“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ქვეყანაში GMP-ის მოთხოვნა იმპორტიორებთან მიმართებითაც ამოქმედდება, რაც ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ირაკლი ჭანკოტაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანა დაბალფასიანი სამედიცინო საშუალებების შემოტანაზეა ორიენტირებული, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კარგი სამეწარმეო პრაქტიკის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები