მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აბიტურიენტის ცნობარი"იგვიანებს"|რა კითხვებზე არ არსებობს პასუხები ჯერჯერობით?

ვანო გომურაშვილი

განათლების პოლიტიკის მკვლევარ ვანო გომურაშვილის შეფასებით, „აბიტურიენტის ცნობარის“ გამოქვეყნების დაგვიანება აზიანებს მომავალი სტუდენტების ინტერესებს, რადგან მათ ინფორმირებული არჩევანისთვის ნაკლები დრო რჩებათ.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებიდან გამომდინარე, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით არსებული კითხვები იყო.

აბიტურიენტის ცნობარი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ინფორმაციას შეიცავს, წინა წლებში, ძირითადად, მარტის დასაწყისში ქვეყნდებოდა, მაგრამ წელს ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. BMG-ის განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ ცნობარი აპრილში გასაჯაროვდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტის ცნობარის გამოქვეყნების ვადამ გადაიწია, გივი მიქანაძის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი არ გადაიწევს და გამოცდები წელსაც ივლისში დაიწყება.

"აბიტურიენტის ცნობარი" არ არის მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტი; ის აბიტურიენტებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში...

"აბიტურიენტის ცნობარი" აუცილებელია, რათა მან უნდა დააზუსტოს:

- რომელი საგანმანათლებლო პროგრამებია აკრედიტებული;

- რა ვადით მოქმედებს კონკრეტული პროგრამის აკრედიტაცია;

- გაზრდილია თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

- არსებობს თუ არა სპეციალური მოთხოვნები კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის;

- რა კოეფიციენტები აქვს მინიჭებული საგამოცდო საგნებს, რის მიხედვითაც ითვლება საკონკურსო ქულა და განისაზღვრება საგნების პრიორიტეტულობა.

განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ აბიტურიენტებს არ აქვთ მკაფიო პასუხები პრაქტიკულ კითხვებზე. მაგალითად:

- რამდენი უნივერსიტეტის არჩევა იქნება შესაძლებელი;

- სამართლის პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, შეეძლებათ თუ არა ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კერძო უნივერსიტეტების შეუზღუდავად მონიშვნა;

- რა ლოგიკით და რა შეზღუდვებით მოხდება არჩევანის გაკეთება...

ამდენად, კითხვა ბევრია და აბიტურიენტის ცნობარის გამოქვეყნების დაგვიანების გამო, ყველაზე მეტად ზარალდებიან მოქმედი აბიტურიენტები, რომლებიც გაურკვევლობისა და ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში არიან დატოვებულნი“, - აცხადებს ვანო გომურაშვილი.

„წერტილთან“ ინტერვიუში განათლების პოლიტიკის მკვლევარმა გააკრიტიკა რეფორმის ის ნაწილი, რომლის თანახმად, საგრანტო წესი გაუქმდა და უფასო სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება შესაძლებელი.

ვანო გომურაშვილის თქმით, ეს ხელოვნურად ზღუდავს აბიტურიენტის თავისუფლებას.

"ახლა აბიტურიენტებს მოუწევთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება: ან უნდა ისწავლონ სახელმწიფო უნივერსიტეტში და გრანტით, ან უნდა ისწავლონ კერძო უნივერსიტეტში და უგრანტოდ. ეს ამცირებს კონკურენციას“, - აცხადებს ის.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სტუდენტების მოთხოვნას, რადგან შარშანდელი მონაცემებით, აბიტურიენტთა თითქმის ნახევარი სწორედ კერძო უნივერსიტეტებში სწავლას ირჩევდა.

„მომავალ სტუდენტებს, ფაქტობრივად, არჩევანის უფლება წაერთვათ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები