საქართველოში აბიტურიენტთა ცნობარი, რომელიც პროგრამების ზღვრებსა და გადაბარების წესებს განსაზღვრავს, წინა წლებში მარტის დასაწყისში ქვეყნდებოდა, თუმცა წელს ჯერ არ გამოქვეყნებულა. სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი აპრილში გახდება ხელმისაწვდომი, რაც გაურკვევლობას ზრდის. ამასთან, კვლავ ბუნდოვანია სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების საკითხიც.
განათლების ექსპერტი მარიამ რამინაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ პრობლემა მხოლოდ ტექნიკური დაგვიანება არ არის და უფრო ღრმა გაურკვევლობაზე მიუთითებს.
მისივე თქმით, აბიტურიენტები წლებია გადაწყვეტილებებს წინასწარ და გააზრებულად იღებენ – სწავლობენ პროგრამებს, კურიკულუმებს, ლექტორებს და არჩევანს პასუხისმგებლობით აკეთებენ. ასეთ პირობებში, ინფორმაციის დაგვიანება მათთვის დამატებით სტრესს ქმნის.
„თუნდაც არანაირი პრობლემა არ იყოს, ასეთი ნაუცბათევი ცვლილებები დისკომფორტს იწვევს, მაგრამ აქ საქმე მხოლოდ დაგვიანებას არ ეხება, არსებობს განცდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერაც არ არის მიღებული. ეჭვი მეპარება, რომ ამ ეტაპზეც კი საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებები ზუსტად არის განსაზღვრული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ თებერვლის დასაწყისში, დაახლოებით 3-4 რიცხვებში, განათლების სამინისტრო აცხადებდა, რომ ცნობარი თებერვლის ბოლომდე გამოქვეყნდებოდა. მოგვიანებით, მარტის დასაწყისში, თქვეს, რომ საკითხს ჯერ კიდევ მთავრობა განიხილავდა, უნივერსიტეტები განსაზღვრავდნენ კვოტებს და ინფორმაცია მარტის ბოლომდე გახდებოდა ცნობილი. სულ ახლახან კი უკვე აპრილი დასახელდა, რაც ქმნის განცდას, რომ პროცესი ჯერაც გაურკვეველია და საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ამძაფრებს აბიტურიენტების ემოციურ ფონს იმ დროს, როცა მათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება უწევთ“, - აღნიშნავს რამინაშვილი.
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გამოცდების დაწყების ვადები უცვლელია, მაშინ როცა აბიტურიენტებს ჯერაც არ აქვთ სრული ინფორმაცია პროგრამების ხანგრძლივობაზე, აკრედიტაციის პროცესებზე და უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებულ პირობებზე.
„დღეს აბიტურიენტები ზედაპირულად აღარ უდგებიან საკუთარ არჩევანს - ისინი სიღრმისეულად სწავლობენ პროგრამებს. ასეთ ვითარებაში, გაურკვევლობა მათთვის გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ართულებს და ემოციურ ფონს ამძაფრებს“, – ამბობს ის.
რამინაშვილის შეფასებით, საკითხი განსაკუთრებით მწვავეა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. მისი თქმით, საგრანტო სისტემა აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მექანიზმია, ხოლო გაურკვევლობა მათ შესაძლებლობებზე და საბოლოო არჩევანზეც აისახება.
ექსპერტი ასევე სკეპტიკურად აფასებს სამწლიანი პროგრამების შესაძლო დანერგვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოთხწლიანი პროგრამების სილაბუსების მექანიკური გადატანა მოხდება : „რამდენად შესაძლებელია ოთხწლიანი სილაბუსების სტანდარტების სამ წელზე ისე მექანიკურად გადათამაშება, რომ საბოლოო ჯამში შედეგად მოგვცეს ვთქვათ ის, რასაც ოთხი წელი გვაძლევდა?!“, – აღნიშნავს იგი.
გარდა ამისა, იგი ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო შეფასებებზეც. მისი თქმით, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში განათლების რეფორმის კონტექსტში ხაზგასმულია უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვის აუცილებლობა, რაც, მისი შეფასებით, პირდაპირ მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე.
„თუ განათლების სისტემის ავტონომია და ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს საბოლოოდ შეიძლება იმით დასრულდეს, რომ ჩვენი დიპლომები საერთაშორისო დონეზე ნაკლებად აღიარებული გახდეს“, – ამბობს რამინაშვილი.
მისივე თქმით, რეფორმები აუცილებელია, თუმცა მათი განხორციელება მკაფიო დაგეგმვასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ პროცესმა არა განვითარება, არამედ უკვე მიღწეული შედეგების უკუსვლა გამოიწვიოს.




























