მაღალმთიანი აჭარის კურორტ "გოდერძის" ყოფილი მენეჯერის გურო ალაფიშვილის შეფასებით, ზამთრის კურორტებზე საბაგიროებზე აბონემენტების გაძვირება, კურორტების განვითარებისა და სახელმწიფო ბიუჯეტისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად, ეკონომიკურად დასაბუთებული და აუცილებელი ნაბიჯია. საკითხზე მან "საქმის კურსთან" ისაუბრა.
„იმის გათვალისწინებით, თუ რით არის აღჭურვილი მთის კურორტი - ეს არის საბაგიროები, სატკეპნი მანქანები, გათოვლიანების სისტემები და წელს დამატებული ღამის სრიალი - ფასების გაძვირება აბსოლუტურად ლოგიკური იყო. მეტიც, ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო. თუ გვინდა, რომ კურორტი განვითარდეს, იყოს ავტონომიური ორგანიზაცია და არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე, მას საკუთარი შემოსავალი სჭირდება, რაც სწორედ ბილეთების რეალიზაციიდან გენერირდება“, — აღნიშნა გურო ალაფიშვილმა.
ამასთან, ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სასურველი იქნებოდა შეღავათების დაწესება სპორტსკოლების მოსწავლეებისთვის, რათა ახალგაზრდებში ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციას ხელი შეეწყოს.
„თავისთავად, ფასის ზრდა მოსახლეობისთვის მტკივნეულია და ჯიბეზე აწვება, თუმცა ამას ვერავინ გაექცევა. ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში, როდესაც საფრანგეთის ალპებში ოპერირებადი კომპანია „დეზალპის“ (Désalpes) წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში, მათ მაშინვე მოითხოვეს ტარიფების გაზრდა, რადგან არსებული ტარიფები მათთვის წარმოუდგენლად დაბალი იყო. წლების განმავლობაში ნარჩუნდებოდა ეს ნიშნული, მაგრამ როდესაც კურორტები იზრდება, ფართოვდება არეალი და ემატება ახალი ინფრასტრუქტურა, ეს თანხა საიდანღაც უნდა მოვიდეს. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს, არ მგონია ამან ნაკადების მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვიოს, განსაკუთრებით სვანეთის მიმართულებით, სადაც უცხოელი მოთხილამურეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც ევროპიდან პირდაპირი ფრენებიც უწყობს ხელს. მათთვის საქართველოს ავთენტიკური კურორტები ალპებთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომი და მიმზიდველია“, - განაცხადა გურო ალაფიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების საერთო სეზონური აბონემენტი 650 ლარიდან 1000 ლარამდე ძვირდება. მატება 350 ლარი, ანუ თითქმის 54%-ია. 6-12 წლის ბავშვებისთვის ამავე აბონემენტის ღირებულება 325-დან 500 ლარამდე იზრდება - ასევე 53,8%-ით. 13-18 წლის მოზარდებისთვის კი ფასი 375-დან 650 ლარამდე ადის, რაც 275 ლარით, ანუ 73,3%-ით მატებაა. დღიური აბინომენტის ფასები ყველა კურორტზე 20 ლარით გაძვირდა და ახალი საფასო პოლიტიკით, გოდერძიზე 50 ლარს, მესტიაში - 70-ს, ბაკურიანში - 75-ს, გუდაურში კი 90 ლარს შეადგენს.
























