მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აბრაამს აბრაამი უნდა დაუძახო“ - ინტერვიუ დავით ნარმანიასთან „რუსული კანონის“ გავლენაზე ენერგეტიკაში

დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის მიერ ამოქმედებული „რუსული კანონი“ ენერგეტიკაში ინვესტიციებსა და ინვესტორების გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად არ აისახება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ {რუსული კანონის} მიზანი არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაა, თუმცა თავადვე აღნიშნა, რომ მათი დიდი ნაწილი ისედაც გამჭვირვალეა. „დაველოდოთ მოვლენების {განვითარებას}; თუ ბავშვი არ დაბადებულა, ჯერ აბრამს ნუ დავარქმევთ...“ - თქვა სემეკის თავმჯდომარემ ინტერვიუში.

- სემეკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი არის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა, ამიტომ მინდა, გკითხოთ, „რუსული კანონის“ გავლენაზე ენერგეტიკაში ინვესტიციებზე, სადაც ისედაც ბოლო რამდენიმე წელი, ფაქტობრივად, უძრაობის ხანა გვქონდა... ბოლო თვეებში ვესაუბრებით ადგილობრივ ინვესტორებს და ისინი გვეუბნებიან, რომ მიმდინარე პროექტები გრძელდება, მაგრამ რაც შეეხება ახალ საინვესტიციო პროექტებს, უცხოელ პარტნიორებს აქვთ კითხვა - საით მიდის საქართველო... თქვენ რას ფიქრობთ, ამ კანონს ევროკავშირისკენ მივყავართ?

- საქართველოს ენერგეტიკის სექტორი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ მდგრადია და რეფორმები, რომელიც ამ დარგში ხორციელდება, აბსოლუტურად დასავლეთისკენ არის მიმართული. ვგულისხმობ მარეგულირებელ ნორმებს, აქტებს, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ იქნა მიღებული; გარდა ამისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიამ ძალიან აქტიურად იმუშავა და 30-მდე ახალი რეგულაცია და კანონი მიიღო, რაც ევროკავშირთან შეთანხმების ჩარჩოს მიხედვით მესამე ენერგეტიკული პაკეტიდან გამომდინარეობს უკვე დაწყებული გვაქვს მეოთხე ენერგეტიკული პაკეტით გაწერილი რეფორმების განხორციელება. ასე რომ, კურსი არის ევროპული, კურსი არის დასავლური და ამ კურსიდან რაიმე სახის გადახრას არ და ვერ ვხედავ.

- გასაგებია, რომ საქართველოს ენერგეტიკაში კურსი ევროპულია, მაგრამ პოლიტიკაში აშკარად აგვერია პოლიტიკური კომპასი...

- ვფიქრობ, რომ არა... არ შეიძლება, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა ცუდი იყოს. თუ რაღაც დასამალი არაა, იყოს გამჭვირვალე. თუ ჩემი {ქონებრივი} დეკლარაცია გამჭვირვალეა, თუ თქვენი საქმიანობა გამჭვირვალეა და თავად საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი ნაწილი გამჭვირვალობის პლატფორმაზე დგას, დაე, იყოს გამჭვირვალე...

- მმართველი პარტიის მიერ დამტკიცებული კანონის ნამდვილი მიზანი რომ გამჭვირვალობა არაა, სწორედ ამიტომ არიან შეშფოთებულები საერთაშორისო პარტნიორები და მოქალაქეები... ამ კანონით არასამთავრობოებს და მედიასაშუალებებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხო ძალაა ერქმევათ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“...

- ყველას არ ერქმევა; ვინც შესაძლოა, ამას ატარებდეს, მას ერქმევა. აბრაამს აბრაამი უნდა დაუძახო და არა სხვა სახელი. მოდით, დაველოდოთ მოვლენების {განვითარებას}; თუ ბავშვი არ დაბადებულა, ჯერ აბრამს ნუ დავარქმევთ...

- ამ კანონში თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ?

- საინვესტიციო აქტივობის ნაწილში ვერ ვხედავ.

- საერთაშორისო პარტნიორები, როგორც აშშ-დან, ევროპიდან, გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ვშორდებით ევროინტეგრაციის გზას, რაც დადებითი სიგნალი არაა ინვესტორებისთვის...

- მათ შესაძლოა, რაღაც გარკვეული ინტერესები ჰქონდეთ ამის მიღმა და ეს არაა ჩემი საქმე. ჩემი საქმეა მოგიყვეთ, როგორია საინვესტიციო აქტივობა... მათ შორის ბოლო დღეებში, ჩვენთან კომისიაში არაერთ საინვესტიციო ჯგუფს შევხვდით, რომელთაც ვუხსნით წესებს, სხვადასხვა პროცედურას, არსებულ და მოსალოდნელ მარეგულირებელ ჩარჩოს. სემეკის რეგულირების ქვეშ არსებულ სექტორებში ინვესტორების დიდი ნაწილი ევროპული კომპანია - მაგალითად, წყალმომარაგების სექტორშია GWP-ის მფლობელი ესპანური კომპანია „აქვალია“; ენერგეტიკის სექტორში კომპანია - „ენერგოპროჯორჯია“. გარდა ამისა, კომპანიების ნაწილი, ვინც მონაწილეობდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სიმძლავრის აუქციონებში, ევროპულია და ისინი საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირებას აპირებენ.

- საქმეც ის არის, რომ აპირებენ და მათ გადაწყვეტილებაზე არ აისახება ე.წ. "რუსული კანონი“?

- აპირებენ ნიშნავს იმას, რომ ისინი CFD აუქციონებში არიან გამარჯვებულები და ამ პროექტებს განახორციელებენ....

- ჩვენ არაერთი მემორანდუმი გვინახავს, რომელიც სამწუხაროდ, ამ დრომდე კონკრეტულ ინვესტიციად ვერ იქცა. წინა კვირას, GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი იყო #წერილის სტუმარი და მან ერთი კონკრეტული მაგალითი მოგვიყვა - “პარტნიორები, ინვესტორები, კითხვებს გვისვამენ აინტერესებთ რა ხდება... კვირის დასაწყისში, ერთ-ერთი პროექტის ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები იყვნენ ჩამოსულები და მანქანაში ჩასხდომის შემდეგ პირველი კითხვა ზუსტად ეს იყო - რას ვფიქრობთ ადგილობრივი ინვესტორები, რას შეიძლება ველოდოთ...” - გასაგებია, რომ ინვესტორები ქვეყნის პოლიტიკურ კურსს გულისხმობენ...

- როცა პოლიტიკური და საინფორმაციო ველი გადატვირთული იყო ასეთი ინფორმაციით, შესაძლოა, მათ ასეთი კითხვა დაესვათ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ რასაც ვხედავ, საინვესტიციო აქტივობა არის მაღალი. მეტიც, ასეთი მაღალი აქტივობა ენერგეტიკის სექტორში არ ყოფილა. ამას ადასტურებს სიმძლავრის ორი აუქციონი, სადაც ორჯერ მათი მოთხოვნა დაფიქსირდა, ვიდრე გამოცხადებული იყო აუქციონები.

- მთავარია, გენერაციის ობიექტების აშენების შესახებ სახელმწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმები მემორანდუმებად არ დარჩეს, თუ ინვესტორები მოლოდინის და დაკვირვების რეჟიმში გადავლენ - საით წავა საქართველო...

- გარწმუნებთ, არ დარჩება {მემორანდუმები მემორანდუმებად}... პოზიტიური მოლოდინის მქონეა შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მალე სრულდება. ეს პროექტი საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ 1500 მეგავატი მწვანე ენერგია გაყიდოს ევროპაში. მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობა კარგად გამოვიყენოთ და ის დეფიციტი, რაც გვაქვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შევავსოთ გენერაციის ახალი ობიექტების მიერ გამომუშავებული ენერგიით, ჭარბი ელექტროენერგია კი, ექსპორტზე გავიტანოთ.

- მთავარია, გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის ტემპი და შესაბამისად, ექსპლუატაციაში შესვლა იყოს უფრო ჩქარი. 2023 წლის სემეკის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ექსპლუატაციაში 29 მგვტ.-ის ჯამური დადგმული სიმძლავრის 7 ჰიდროელექტროსადგური შევიდა....

- დიახ, თუმცა 2022 წლის შედეგს სჯობდა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მზის მცირე სადგურები - შარშან 400-მდე აბონენტმა ჩართო მზის მიკროსიმძლავრის ობიექტები და ჯამში, დადგმული სიმძლავრე 30 მეგავატია ამ ნაწილში. ასე რომ, დიახ, შარშან ენერგოსისტემას შეემატა ახალი სიმძლავრეები, მაგრამ არაა საკმარისი. კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი და რა თქმა უნდა, აქტივობა გაგრძელდება.

- იმედია... სემეკის ვებგვერდის ვიზიტორი ხშირად ვარ და დღეს შევნიშნე, რომ ვებგვერდის ინგლისურენოვანი ვერსია ევროკავშირის მხარდაჭერის მომზადდა. მმართველი პარტიის მიერ დამტკიცებული „რუსული კანონი“ ევროკავშირს და სხვა პარტნიორებს, დონორ ორგანიზაციებს უწოდებს „უცხო ძალას“ და მათ მიერ დაფინანსებულ მედიას და არასამთავრობოებს კი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს“... სემეკის ვებგვერდის შექმნაში ევროკავშირის ინტერესი იყო თუ თქვენი, რომ გვქონოდა გამართული ვებგვერდი?

- ვინც მხარს გვიჭერს, მათ ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ და თუ ვინმეს, ვისაც მხარდაჭერის გარდა, სხვა რაიმე ინტერესი ამოძრავებს, ასეთი ნამდვილად არ არის ევროკავშირი და არც სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ამიტომ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ...

- და არა, ვუწოდოთ „უცხო ძალა“, როგორც „რუსული კანონშია“....

- თუ სხვა ინტერესი ამოძრავებს ვინმეს, ეს ინფორმაცია უბრალოდ უნდა გავასჯაროოთ, რათა ჩვენც ვიცოდეთ და იმ ქვეყნის გადასახადის გადამხდელებმაც იცოდნენ, ვისი ფულითაც რაღაცები კეთდება...

- გასაჯაროების პრობლემა არავის აქვს. უბრალოდ, „რუსული კანონით“ შემოდის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი“, რომელიც უნდა მიიკრას ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო არის „უცხო ძალა“, რაშიც მოიაზრებენ ევროკავშირს, ამერიკას და ა.შ. ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს კანონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები