ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე შეტანილი ჩანაწერი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული და ჩინური სადაზვერვო გავლენების შეფასებას ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობისთვის „არც საინტერესოა და არც სერიოზული“.
ჟურნალისტმა კობახიძეს სინგაპურში ვიზიტის შეჯამებისას ჰკითხა აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არსებულ ჩანაწერზე, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანს ავალებს, ეროვნული დაზვერვისა და სხვა სააგენტოებთან ერთად მოამზადოს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტების, მათი გავლენებისა და აქტივობების შესახებ.
კითხვა ასევე შეეხებოდა იმას, თუ რატომ ჩნდება დასავლეთში შეფასებები, რომ საქართველო რუსული და ჩინური გავლენების ქვეშ იმყოფება და როგორ შეიძლება განვითარდეს აღნიშნული პროცესი.
კობახიძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი კონგრესში რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ინიციატივით მოხვდა და მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
„აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ასეთი ჩანაწერი, თქვენ იცით, რომ ინიციატივა ეკუთვნის ჯო უილსონს და ამ ერთი კაცის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონგრესის აქტში. შესაბამისად, ჩვენთვის არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული. თან გუშინ ირანიც იყო წარმოდგენილი საქართველოში ძალიან ღრმად და დღეს ეს წარმომადგენლობა ირანის მხრიდან საერთოდ დაიკარგა - ეს მცირე ირონიული გადახვევა. აბსოლუტურად არ არის საინტერესო ჯო უილსონის ინიციატივები, მისი ინიციატივებით შესული შესწორებები. ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო - ჩვენ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან და ამასთან დაკავშირებით ველოდებით ამერიკის ოფიციალურ პოზიციას. დანარჩენი დეტალები, ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო,“- აღნიშნა პრემიერმა.
შესწორებები, რომელთა ინიციატორიც ჯო უილსონია, მოიცავს შემდეგს:
- თავდაცვის დეპარტამენტის ურთიერთობები საქართველოსთან: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების საკითხი და 2026 წლის 1 ოქტომბრამდე კონგრესს წარუდგინოს ანგარიში, თუ როგორ აისახება ეს სამხედრო ურთიერთობებზე.
- ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ კავკასიაში: აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, დაზვერვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებთან ერთად, 180 დღეში უნდა წარადგინოს ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ.




























