ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ჩადენილ რაიმე კორუფციულ გადაცდომას, რეაგირება იქნება მყისიერი.
BMG-ს კითხვაზე, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში უნდა ველოდოთ თუ არა კვლავ დაკავებებს, მათ შორის სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული პირების, კობახიძემ ასე უპასუხა:
"სისხლისსამართლებრივ დევნას რაც შეეხება, ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს შესაბამისი უწყებების საქმეა. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ამ ბრძოლის გაგრძელებას და აქამდე არსებულ მიღწევებს, თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ჩადენილ რაიმე კორუფციულ გადაცდომას, ერთ ფაქტსაც თუ მოიტანენ, ყველას გპირდებით, რომ რეაგირება იქნება მყისიერი. თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დღეს ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ზეპირად საუბრობენ რაღაც თემებთან დაკავშირებით, ერთი ფაქტი მოიტანონ ნებისმიერი უწყებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო საწარმოდან კორუფციასთან დაკავშირებული და მყისიერი რეაგირება გვექნება. ჩვენ იმდენად გავასუფთავეთ, გავწმინდეთ სისტემა, მათ შორის გავაუმჯობესეთ პროცედურები, რომ ვერავის მოაქვს ერთი ფაქტიც კი, რომელიც უკავშირდება კორუფციას. ხედავთ, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, მთელ რიგ საქმეებზე უკვე დამდგარია განაჩენი, შესაბამისი უწყებები იძიებენ შესაბამის საქმეებს,“- თქვა კობახიძემ.



























