სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, სიღარიბის მაჩვენებელს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები (იმედი, POSTV) მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, რომ თითქოს 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია.
SJC-ის განმარტებით, სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება აბსოლუტურ სიღარიბეში და არაფერს ამბობს ამ მაჩვენებლის საფუძვლებსა და მიზეზებზე. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებაში წერია, ნათელია, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია, თუმცა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ.
"რეალურად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების წილი არა მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევის, არამედ სხვა არაერთი ფაქტორის გამო შეიძლება მცირდებოდეს. მათ შორისაა, ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაცია; 2023 წელს, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ - 163 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა",- წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ცენტრის განმარტებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონოდა არაერთ სხვა ფაქტორსაც, მათ შორისაა:
- სოციალური შემწეობითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით სარგებლობა - 660 000-მდე ადამიანი საარსებო შემწეობის, ასევე სოციალურად დაუცველის ქულასთან დაკავშირებული არაერთი სოციალური მხარდაჭერის სერვისის მიმღებია. სახელმწიფოსგან ამგვარი სახით მიღებული შემოსავლების დაფიქსირება შესაძლებელია, ადამიანების აბსოლუტური სიღარიბის კატეგორიიდან ამოსვლის საფუძველი გახდეს. თუმცა, სახელმწიფოს ამგვარი მხარდაჭერა ბევრი ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს და მათი შეწყვეტა მათ ფიზიკურ არსებობასაც კი საფრთხის წინაშე დააყენებდა;
- ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებულება - საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა 4 მლრდ. აშშ დოლარს, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში - 1 მლრდ. აშშ დოლარს აღემატებოდა. ნათელია, რომ ემიგრანტების მხარდაჭერის გარეშე მოსახლეობის ნაწილის კეთილდღეობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.
"სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობაზე საუბრისას, აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ ისეთი მაჩვენებლებიც, როგორიცაა ფარდობითი სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი. ამ ორი მონაცემის ანალიზისას ირკვევა, რომ 2023 წელს მდგომარეობა წინა წელთან შეფარებით არათუ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც.
ფარდობითი სიღარიბე სოციალური მოწყვლადობისა და შემოსავლების უთანასწორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. იგი აღნიშნავს მოსახლეობის იმ წილს, რომელიც მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60 %-ზე ნაკლებს მოიხმარს. როგორც აღმოჩნდა, 2023 წელს ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 0.1 %-ით შემცირდა და 19.8 % შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ სასოფლო დასახლებაში ფარდობითი სიღარიბე 0.2 %-ით გაიზარდა კიდეც და მაჩვენებელი 26.8 %-ს გაუთანაბრდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების განსაკუთრებულ დაუცველობაზე და სოციალური დაცვის პოლიტიკის სისუსტესა და ფრაგმენტულობაზე.
2023 წელს გაიზარდა “ჯინის” კოეფიციენტის მაჩვენებელიც, რომელიც საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ინდიკატორს წარმოადგენს. როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 2 პუნქტით გაიზარდა და 2020 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა გაიზარდა",- წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ორგანიზაციის განმარტებით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს შექმნიდა. "რეალური რეფორმების ნაცვლად, მთავრობა ინარჩუნებს სისტემას, რომელიც მოსახლეობას სოციალურ გასაცემლებზე დამოკიდებულს ხდის და აგრძელებს ამ დამოკიდებულების და, ზოგადად, სოციალური საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას",- წერია ცენტრის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.