მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბსურდია, რომ გადამტრიალებლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე სუსტად დახვდათ და ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ჩვენ მიერ - ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

"აბსურდია, რომ გადამტრიალებლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე სუსტად დახვდათ და ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ჩვენ მიერ", - ამის შესახებ "ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობენ ძალები, „დიფ სთეითი", რომლებიც საქართველოს განიხილავენ როგორც პროექტს, რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები გააჩნია. ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომხდარიც ამ პროექტის ნაწილია.

"ამ პროექტის მიხედვით ეს ადამიანები არიან ინსტრუმენტები, რომლებიც დავალებებს იღებენ და ამის მიხედვით მოქმედებენ. ამ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს არ უნდა უჭირდეთ არსებული ვითარების აღქმა და შეფასება, მაგრამ რადგან ის ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი და დავალებულია პროექტის შემქმნელებთან, იძულებული არიან ასე მოიქცნენ", - განაცხადა მან.

ყაველაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომხდარი ევროპელ ლიდერებსაც უნდა დაეგმოთ: "მათი ნაწილი არიან ამ პროექტის, „დიფ სთეითის და დავალება არ არის, რომ დაგმონ. თუ იქნება დავალება, აუცილებლად დაგმობენ ".

მან ასევე ისაუბრა, "გამჭირვალობის კანონზე" და თქვა, რომ საზოგადოება მის განხილვაში უნდა შესულიყო, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ ადამიანების ნაწილს, რომლებიც ამბობდნენ რომ კანონის განხილვაში არ უნდა შესულიყვნენ, ეს დავალება „დიფ სთეითისგან" ჰქონდათ.

"ზოგიერთ მათგანს ფილოსოფოსად მოაქვს თავი, ჰეგელს და კანტს ასწავლიან, ფილოსოფიაში კი მთავარი კითხვის დასმა, მსჯელობაში შესვლაა. ეს ადამიანები ისე განაწყვეს, რომ კითხვის დასმის უფლებაც არ მისცეს. მაგრამ დაკვეთა, როცა არის ადამიანები, რომლებიც ფილოსოფოსები, პროფესორები, მასწავლებლები არიან ისინი ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ რომ არც განიხილოთო. როცა საქართველო „დიფ სთეითის" პროექტად არის წარმოდგენილი და ეს ადამიანები ამათთან არიან ხელმოწერილი, მათ გარეშე ამ ყველაფერს ვერ ახორციელებენ", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე და თქვა, რომ იმის გამო, რომ დონალდ ტრამპსა და "ოცნების" ხელისუფლებას შორის ბევრი ღირებულებითი თანხვედრაა, შეიძლება აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთოს.

მისივე თქმით, ზუსტად ერთი და იმავე ტექნოლოგიებით ებრძოდნენ საქართველოს ხელისუფლებასაც და დონალდ ტრამპსაც, ერთი და იგივე ტექსტები, მესიჯები, „რუსული პროექტი“ და ა.შ.

„ნუთუ ამ ახალგაზრდებს ან ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებს არ უჩნდებათ კითხვა, ტრამპიც რუსეთია? ეს ხომ აშკარა მოცემულობაა, როცა ტრამპმა გაიმარჯვა, იგივე ადამიანები – სააკაშვილი, გვარამია და სხვები, ამგვარ ბრალდებებს აჟღერებდნენ. ღირებულებით ნაწილში კი, ჩვენ და ტრამპს თანხვედრა გვაქვს. როცა ის იბრძოდა გამარჯვებისთვის, ჩვენც იგივე ღირებულებები გვქონდა: ოჯახური ფასეულობები, ეროვნული ინტერესები, ეკონომიკური განვითარება, მიგრაციის საკითხები და ა.შ. ბევრ თემაში თანხვედრაა აშშ-ის პრეზიდენტთან. მისგანაც მივიღეთ პასუხი, რომ ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ვერავის ვერაფერს დავაძალებთ. ვერ ვაიძულებთ, რომ ხვალ გაგვცეს პასუხი. ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ. კარგად გვაქვს გაცნობიერებული არსებული რეალობა და ვიცით, რა გლობალური გამოწვევებია დღეს მსოფლიოში. შესაძლოა, ამ ეტაპზე საქართველო ჯერ არ ფიგურირებდეს დღის წესრიგში. ესეც გასაგებია და გასაგებიც უნდა იყოს. ჩვენ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა ყაველაშვილმა.

მან ასევე დაგმო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტრამპთან მისი ფოტო "ფეიკი" იყო.

"განა არ იციან, რომ ტრამპთან ფოტო ფეიკი არ არის, ნამდვილია. გაერო-ში გამოვედი, შემდეგ ვახშამს დავესწარი. სისულელეა ახლა მტკიცება, ფაქტია, მაგრამ ეს უნდათ, უარყონ, რატომ? რადგან ეს ადამიანები, ვინც ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული, შთააგონონ, რომ ეს არ არის ნამდვილი. გაურბიან ფაქტობრივ პასუხს, ფაქტსაც კი შლიან. აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაც კი „გააბანძეს“. სად მიიყვანეს ეს ადამიანები მსახურებამ. კითხვა დაუსვან საკუთარ თავს – რას ვაკეთებ, ეს ხომ ფაქტია? მაქვს იმის გამბედაობა, რომ ფაქტად ვაღიარო? არ აქვს. აქედან უნდა დაიწყოს. ჩვენ გვეუბნებიან, მონებიო. აი, მონობა რა არის. საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, ეს ფაქტია, თუ არ არის ფაქტი. გამოვიდეს და ხმამაღლა უთხრას იმ ახალგაზრდას, რომ ფაქტია, ყაველაშვილი შეხვდა ტრამპს, ჰქონდა ურთიერთობა, ეს სურათი და მილოცვაც ნამდვილია. ამის გამბედაობა არ აქვთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები