ირაკლი კობახიძის განცხადებით, აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულზე ხაზგასმული იქნება საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
საქართველოს მთავრობის დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 13-15 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტს ესწრება.
“ვმონაწილეობ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში, რომელიც გლობალური ფორუმია მდგრადი განვითარების, სუფთა ენერგიისა და ინოვაციების სფეროში. ღონისძიებაზე ხაზს გავუსვამთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესწავლას და საქართველოს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონული ცენტრის პოტენციალს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.




























