მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით - კობახიძე

ღარიბაშვილი ბიძინაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში ლიდერთა დიალოგზე გამოსვლისას თავი იმით მოიწონა, რომ საქართველოს ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს, ყველაზე ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით. მისი თქმით, ეს ყველაფერი ის სარგებელია, რომელიც შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა მთავრობის მეთაურს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ 2025 წელს მმართველმა პარტიამ "კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის" ფარგლებში კორუფციასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ექსპრემიერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სხვა მაღალ თანამდებობაზე მყოფი და მათთან დაკავშირებული პირები დააკავა.

აბუ-დაბის ლიდერთა დიალოგის მთავარი თემა "შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით" იყო. გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და უკვე საკმაოდ წარმატებული ქვეყანაა.

„ისტორიულად საქართველო აკავშირებდა აზიას ევროპასთან, აღმოსავლეთს, დასავლეთთან, დასავლეთს, აღმოსავლეთთან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე წარმატებულნი ვართ საკმაოდ. ვიყენებთ სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით და ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვაშენებთ ავტომაგისტრალებს. 2030 წლისთვის ყველა სეგმენტის მშენებლობა იქნება დასრულებული, ვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ხდება რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზაცია.

ჩვენ ავაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე, ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ეს არის ერთ-ერთი ადგილი საქართველოში. ყველა ეს მიმართულება და ინიციატივა ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ არსებითად მოვახდენთ ქვეყნის ტრანსფორმაციას, რომ გაძლიერდეს დაკავშირებადობის შესაძლებლობა და უნარი. ეს ჩვენ ოპტიმისტურად განგვაწყობს, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალოვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან ბევრ ქვეყანასთან აქვს.

„ყველაზე მეტი შეთანხმება ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რეგიონში ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ უნარს გვაძლევს, რომ ეკონომიკურად ვიყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს ქვეყნები დავაკავშიროთ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით. ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი იყოს ამ დერეფანში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობები და წარმადობა გაიზარდოს და ქვეყნის განვითარება ამის საფუძველზე მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები