სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის დაპირება - ლოგისტიკაში 7 მლრდ დოლარის ინვესტიციაზე, „ამორფულია“. მისი თქმით, საექსპერტო წრეებისთვის უცნობია, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ეს თანხა და რა კონკრეტულ პროექტებს მოხმარდება ის.
როგორც ცაგარეიშვილი BMG-სთან განმარტავს, საჯაროდ ამ ინვესტიციის მხოლოდ მცირე ნაწილია ცნობილი.
„მართალი გითხრათ, ჩვენ არანაირი გეგმა არ გვინახავს, საექსპერტო წრეებში არ განხილულა, რა მდგენელებისგან შედგება ეს 7 მილიარდი. ჩვენ ვიცით მხოლოდ მაისში დაანონსებული ორი ციფრი: 1.7 მილიარდი დოლარი მოძრავი შემადგენლობისა და ელმავლების შესყიდვისთვის და 2026-2028 წლებში დაგეგმილი 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია. სხვა დეტალური ჩაშლა არ არსებობს.
ხშირად პრემიერი საუბრობს, რომ შვიდჯერ გაიზარდა შუა დერეფნით სატრანზიტო ნაკადები. შესაძლოა, შვიდჯერ მართლაც გაიზარდა ჩინეთსა და ყაზახეთს შორის, მაგრამ ამის "გადმოკოპირება", რომ საქართველოში შვიდჯერ გაიზარდა - არ არის რეალური და გამართლებული. ციფრებს მოვიხმობ: თუ მაგალითად, 2022 წელს ომის დროს, ომის დაწყების პირობებში საქართველოზე 18.7 მილიონი სატრანზიტო ნაკადი იყო გატარებული, რკინიგზა, საავტომობილო, ჯამურად, 2023 წელს შემცირდა და 17.6 მილიონი ტონა არის გატარებული. 2022 წელს საქართველოს რკინიგზამ ტრანზიტად 8.7 მილიონი ტონა გაატარა, თუმცა, 2023 წელს შემცირებულია და 7.6 მილიონი ტონა არის გატარებული. შესაძლოა, რაღაც სეგმენტში, მაგალითად საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებით ეს ზრდა შეინიშნება, მაგრამ ამის გაზვიადება მართვითი გადაწყვეტილებებისთვის მიზანშეწონილი არ არის.
ამიტომ, ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს რაღაც ეიფორიული დასკვნები, რომ აი, თითქოს, ყველაფერი კარგად არის. საკითხი იყოს დეტალურად ციფრებში განხილული და ყველაფერზე უნდა იყოს მიღებული დასკვნა. წარმოიდგინეთ, ერთი თვე ჩვენი ვაგონი ვერ შედის ალიათის საპორტო ნავსადგურში. აზერბაიჯანიდან შემოსული სატრანსპორტო საშუალებები როდესაც საქართველოში გაიჭედა, მთელი ამბავი მოჰყვა. ანუ რეაგირების მომენტებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყველა რგოლი აუცილებლად უნდა იყოს განხილული და ამის შემდეგ უნდა იყოს რეალურად მიღებული გადაწყვეტილებები. ის, რომ 7 მილიარდი იქნება ჩადებული შუა დერეფნის განვითარებაში, გარკვეულწილად ამორფულია და მას არანაირი ქვედა გაანგარიშება, ყოველ შემთხვევაში, საექსპერტო დონეზე არ გააჩნია“, - აცხადებს ცაგარეიშვილი BMG-სთან.
მისივე შეფასებით, დიდი საინვესტიციო დაპირებების ფონზე, მიმდინარე პროექტები კრიტიკულად ნელი ტემპით ხორციელდება. მისი თქმით, ინვესტიციის ეფექტურობას საფრთხეს უქმნის ბიუროკრატიული გაჭიანურება - რკინიგზის ტენდერები თვეების განმავლობაში გრძელდება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასრულების ვადამ კი, 2032 წლამდე გადაიწია.
ამასთან, პაატა ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ 7 მილიარდის ინვესტირება შესაძლოა დაგვიანებული აღმოჩნდეს, რადგან რეგიონული კონკურენტები ბევრად სწრაფად მოქმედებენ.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ 2027 წლისთვის ზანგეზურის დერეფანი სრულად დასრულდება. სანამ ჩვენ 2030 წლის გეგმებზე ვსაუბრობთ, კონკურენტი დერეფანი უკვე მზად იქნება ტვირთების მისაღებად. პარალელურად, თურქეთის მიმართულება 224 კილომეტრი მშენებლობის ძალიან აქტიურ ფაზაშია და სომხეთის 42 კილომეტრიანი მონაკვეთიც ამას დაემატება - შეივსება ზანგეზურის დერეფანი და ჩვენ, ამ დროს ნელი ტემპით მშენებლობა გვაქვს. არც იმას დავმალავთ, რომ საავტომობილო ავტობანის მშენებლობის ვადამ გადაიწია და 2032 წელს დასრულდება, ეს ყველაფერი არის დამამუხრუჭებელი ფაქტორები იმისა, რომ შუა დერეფანზე გარკვეული გათვლები გავაკეთოთ“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
მთავრობა აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მასშტაბურ ინვესტიციებს და ინფრასტრუქტურულ რეფორმებს გეგმავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, მარშრუტი გახდეს უფრო სწრაფი, პროგნოზირებადი და უსაფრთხო, რისთვისაც, 2032 წლამდე სახელმწიფო 7 მილიარდი დოლარის მობილიზებას გეგმავს ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში მთავრობა აანონსებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას; ასევე, პორტების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას. ეფექტიანი ინვესტიციების პირობებში, 2030 წლისთვის „შუა დერეფანში“ ტვირთნაკადი შესაძლოა, გასამმაგდეს, ხოლო ტრანსპორტირების დრო - განახევრდეს.




























