აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართული ორდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა. არსებული ინფორმაციით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა სხვა საკითხებზე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა.
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ მხარეები ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ გაცვლას გეგმავენ, გასათავისუფლებელ პირთა საბოლოო რაოდენობა კი ხუთშაბათს დაზუსტდება.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმება უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა, რუსტემ უმეროვმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ მედინსკიმაც დაადასტურეს, თუმცა მათ პროცესის ვადები და მასშტაბები არ დაუკონკრეტებიათ. ინფორმაციისთვის, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკი 1,000-დან 1,500 ტყვემდე გაცვლის საკითხზე საუბრობდა.
როგორც უკვე ცნობილია, ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიული დავების საკითხზე გარღვევა ვერ მოხერხდა. კერძოდ, რუსეთი კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასის აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარები გაიყვანოს, ზელენსკის პოზიციით კი, ტერიტორიული საკითხები უშუალოდ ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს.
ამასთან, მოსკოვმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე უარი თქვა და საბრძოლო მოქმედებების შეჩერებამდე უსაფრთხოების ფართო გარანტიები მოითხოვა. კუშნერის თქმით, ხუთშაბათს იგი და სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, რის შემდეგაც დუბლინში ჩავლენ და მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტთან გამართავენ.
რაც შეეხებათ ევროპელ წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, ისინი აბუ-დაბიში უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს ცალკე შეხვდნენ და სამმხრივ მოლაპარაკებებში უშუალოდ არ მიუღიათ მონაწილეობა.
მედინსკიმ აღნიშნა, რომ რუსულ დელეგაციას ევროპელ დიპლომატებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან მოსკოვს მათგან კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივები არ მიუღია და გაუგებარია, რა სტატუსით იმყოფებიან ისინი შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ უმეროვმა პარტნიორებთან დისკუსიების გაგრძელება დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ ეს კიევსა და მოსკოვს შორის ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გამართული პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები იყო, რასაც წინ თებერვალში ჟენევის უშედეგო რაუნდი უძღოდა. მანამდე, 2025 წლის მაისში, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტას ვერ მიაღწიეს, თუმცა 1,000-1,000 ტყვის გაცვლაზე მაშინაც შეთანხმდნენ.
























