მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიტკოფი და კუშნერი რუსეთ–უკრაინის ომის დასასრულებლად გაემგზავრებიან - ტრამპი

აშშ

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საგანგებო რწმუნებულები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მიმდინარე შაბათ–კვირას უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღსადგენად გაემგზავრებიან.

პარასკევს, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ვიტკოფსა და მის სიძეს, კუშნერს, რომლებიც კიევსა და მოსკოვში ვიზიტისთვის ემზადებიან, თან მიაქვთ წინადადება "ომის დასასრულებლად".

"მე გავგზავნე სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი... რათა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმე შედეგის მიღწევას. არსებობს კარგი შანსი, რომ ეს გამოგვივიდეს", - თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ადმინისტრაციას აქვს "მშვიდობის იდეა", თუმცა გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია.

რუსული სახელმწიფო სააგენტო "TASS"–ის ცნობით, ვიტკოფი და კუშნერი მოსკოვში შაბათს და კვირას იქნებიან – ეს მათი პირველი ვიზიტია იანვრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ ისინი უკრაინას კვირას ეწვევიან. ეს იქნება მათი პირველი ვიზიტი ქვეყანაში ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "გაყინულია".

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მშვიდობის მიღწევა მხარეებს შორის "პიროვნული პრობლემის" გამო ვერ ხერხდებოდა.

"პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. მათ შორის სერიოზული სიძულვილია, რაც პროცესს აფერხებს", – განაცხადა ტრამპმა.

ზუსტი ციფრები უცნობია, თუმცა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მიერ ივლისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ომმა რუსეთის მხარეს დაახლოებით 450 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო უკრაინის მხარეს დაღუპულთა რაოდენობა 125 000–დან 150 000–მდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები