მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში, ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა - პროექტის ღირებულება 10 მლნ ლარია

60e5901b5d2a7
ინგა მურუსიძე
07.07.21 22:44
1905
დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

"შუახევში ვგეგმავთ ათეული მილიონობით ლარის მობილიზებას და პროექტების განხორციელებას ტურიზმის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩირუხის მთაზე გაკეთდება ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომელიც ჩირუხს და შუახევის მცხოვრებელს კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოუზიდავს.  ასევე, ჭვანის ხეობაში ვგეგმავთ დაახლოებით 10 მილიონი ლარის დახარჯვას და ამ მიმართულებით იქნება, პირველ რიგში ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა დამხმარე ინფრასტრუქტურა, რაც ჩირუხის მიმართულებით, ჭვანის მიმართულებითაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს და შემოსავალს გააჩენს ადგილზე.

წლების განმავლობაში ჩვენ, ყველას გვაწუხებდა გომარდულის განვითარება. თუმცა, წელს უკვე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი რესურსი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გომარდულმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე. ეს არის კონკრეტული პროექტი - პირველ ეტაპზე, მოეწყობა საბაგირო და შემდეგ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ იქ გვჭირდება”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, შუახევში, ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რისთვისაც 10 მლნ ლარი დაიხარჯება.

ასევე, ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. პირველ ეტაპზე, ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია "წისქვილების სოფლის" ტურისტული განვითარება და ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ჯვარიმინდორზე დაიწყო ტურისტული თავშესაფრის და საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იგეგმება კავიანის ციხის გავლით ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-ველო ბილიკის მოწყობა. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს საფეხმავლო მარშრუტების პოპულარიზაციას და გაზრდის ტურისტულ ლოკაციაზე ვიზიტორების რაოდენობას.

"სწორი ურბანული განვითარება შუახევისადმი საინვესტიციო ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. ცნობილი საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინვესტორთა დაინტერესების და საინვესტიციო პროცესების ხელშეწყობისთვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კერძოდ, გომარდულის განვითარების გეგმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ითვალისწინებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე მიღებულია.

მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად, ყველა კომერციული საქმიანობა გომარდულში გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან. გომარდულის განვითარების კონცეფციის შესაბამისად, პარალელურად, მომზადდა საინვესტიციო შეთავაზება, რაც უკვე წარედგინა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს", - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები