აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა და საერთო ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 6 კმ-მდე საავტომობილო გზას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განხორციელებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
"დღეს გავხსენით მახოს ხიდის და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი გზა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გზა განტვირთავს ფრიდონ ხალვაშის გამზირს და მისცემს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად. ამ გზის მშენებლობასთან ერთად, აჭარაში ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ძალიან აქტიურად ხორციელდება და წელს დავამთავრებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეს გაიხსნა 2,2 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სხვადასხვა სახის გზის დამცავი ნაგებობა, ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა-ბეტონის მილები, თვალამრიდები. ასევე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მნიშვნელოვანი ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. აღნიშნული მიმართულება ალტერნატიული გზის ფუნქციასაც შეითავსებს, რაც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს. ახალი გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინარიძე , ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გაეცნენ.