მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლობა 42 პირს სურდა - ხელფასი 2,800 ლარი იყო

5e95918c81959
თელარა გელანტია
14.04.20 23:10
588
1 აპრილიდან აჭარაში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლად ტარიელ გიორგაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ მიიღო. საინტერესოა, რომ ტარიელ გიორგაძე ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი იყო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აჭარაში წარმომადგენლის პოსტზე კონკურენციის სააგენტოს ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული და თანამდებობრივ სარგოდ 2800 ლარი იყო განსაზღვრული.

Bm.ge დაინტერესდა, რამდენ პირს სურდა აღნიშნული პოსტის დაკავება აჭარაში და რის საფუძველზე შეირჩა ტარიელ გიორგაძე, მითუმეტეს, მსგავსი საკადრო გადაადგილება პირველი არაა - რამდენიმე თვის წინ, ასევე ოფიციალური კონკურსის გზით, პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა კონკურენციის სააგენტოში ლევან კალანდაძემაც, რომელიც ირაკლი ლექვინაძის ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში, ასევე, მისი პირველი მოადგილე იყო.

როგორც კონკურენციის სააგენტოდან მოგვწერეს, აჭარაში სააგენტოს წარმომადგენლობის პირველადი სურვილი 42 პირმა გამოხატა.

„სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე წარმოდგილ იქნა სულ 42 განაცხადი. შეირჩა 7 კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კონკურსის მეორე ეტაპი გაიმართა ონლაინ რეჟიმში და მონაწილეობა მიიღო 4 კანდიდატმა. მთავარი მოთხოვნა იყო შესაბამისი განათლება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ბიზნესთან მუშაობის გამოცდილება, სამუშაო ადგილი - ბათუმი“, - განუცხადეს bm.ge-ის კონკურენციის სააგენტოში.

უცნობია, ტარიელ გიორგაძის გარდა იმ 3 კანდიდატის ვინაობა, ვისთანაც კონკურსის მეორე ეტაპზე გასაუბრება შედგა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2020 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, იწყება რეგიონულ დონეზე კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების პროცესი.

„შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის, ხელშეწყობისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვის მიზნით, 2020 წლის 1 აპრილიდან, აჭარის რეგიონში, სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციაზე ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა ტარიელ გიორგაძემ დაიწყო საქმიანობა, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს“, - აცხადებენ ირაკლი ლექვინაძის უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები