მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში სამ წელიწადში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ₾300 მლნ დაიხარჯება - ფუტკარაძე

64ae7a0c9e77e
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.23 15:00
459
აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი 2023-ზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რეგიონში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა.

ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ოთხივე სეზონზე აჭარის მიზიდულობის ცენტრად ქცევა სამთავრობო გუნდის ამოცანაა, რისთვისაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ამ კუთხით ჩვენი რესპუბლიკური ბიუჯეტის 65% ყოველწლიურად ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად იხარჯება. მნიშვნელოვანია იმ ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, როგორიცაა კომუნალური ინფრასტრუქტურა, წყალარინები, წყალმომარაგება, მყარი ნარჩენების მართვის პროექტები, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიკაცია, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურა, ამ თვალსაზრისით მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. უკვე მიმდინარე წელს 155 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. პროექტების ნაწილი კი წელს დაიწყება“, - განაცხადა ფუტკარაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, კერძო სექტორის მხრიდან მაქსიმალური მცდელობაა, რომ როგორც ქალაქი, ისე პერიფერიები მიზიდულობის ცენტრად იქცეს.

„იქნება ეს კუნძული თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და მომდევნო პერიოდშიც გავაგრძელებთ რომ უძრავი ქონებისა და ტურისტული სექტორის მაქსიმალური სტიმულირება მოხდეს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ბათუმში FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი 2023 იმართება, ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, რომლის თემა უძრავი ქონების მართვის უახლესი მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები იყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი კერძო სექტორის „არქის“ გენერალურ დირექტორთან და "სილქ როუდ ჯგუფის” უძრავი ქონებიწ ბიზნესის განვითარების დირექტორთან ერთად მონაწილეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები