მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აჭარაში საწარმო ავამოქმედეთ” - “გოგორას” გეგმები

გოგორა

აჭარაში ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია “გოგორას” საწარმო ამოქმედდა. საწარმომ სექტემბრიდან სატესტო რეჟიმში მუშაობა დაიწყო. პარალელურად კი, კომპანია თბილისში არსებული ფილიალის გაფართოებაზე მუშაობს. სიახლეებზე "გოგორას" დამფუძნებელმა ნინო რაზმაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, აჭარის საწარმოსთვის ინვესტიცია 240 000 ლარი, ხოლო თბილისის საწარმოს გაფართოებისთვის 45 000 ლარი გამოიყო.

ჩვენი ძირითადი საწარმო აჭარაში, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გუნდაურში ექსპლოატაციაში შევიდა და სექტემბრიდან უკვე დავიწყეთ სატესტო რეჟიმში მუშაობა. საწარმო ენერგოეფექტურია და მწვანე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ამ საწარმოს მთავარი პროდუქტი ქართული ფოლკ-სათამაშოები და მონტესორის სამუშაო მასალები იქნება. ასევე დამზადდება ჩვენი საბავშვო ავეჯის ნაწილიც. პროტოტიპების შექმნასა და თანამშრომლების გადამზადებაში სოციალური საწარმო „დადარი“ გვეხმარება. ფასდაუდებელია ეს მხარდაჭერა. ამ საწარმოს შექმნაზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ვიმუშავეთ.

მეორე სიახლე ჩვენი თბილისის ფილიალის გაფართოებას უკავშირდება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ძირითადი დანადგარები შევიძინეთ, ახლახან კი გავიმარჯვეთ USAID-ის კონკურსში UNDP პროექტიდან „ძლიერი ქალი ძლიერი იდეით“ და მალე წარმადობას მნიშვნელოვნად გავზრდით”, - დასძინა მან.

წარმადობაზე საუბრისას დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ კომპანია მინიმალური ძალისხმევით ამატებს ახალ პროდუქტს.

“ჩვენი წარმოების პროცესი ისე არის აწყობილი, რომ მინიმალური ძალისხმევით ვამატებთ ახალ პროდუქტებს, მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის საჭიროებას, რადგან ჩვენი ფუნქციონირების მთავარი მისია სწორედ ადამიანების მხარდაჭერაა ბავშვთა ჰუმანურად აღზრდის პროცესში, მოთხოვნასთან ერთად წარმადობაც იზრდება”, - ამბობს ის.

ნინო რაზმაძემ გამოწვევებზეც ისაუბრა, მისი თქმით, გლობალურ კონტექსტში უდიდესი პრობლემაა სერტიფიცირებული ნედლეული ფანერის და ხის სახით, კომპანიის შიგნით კი მთავარი გამოწვევა წარმადობის და გაყიდვების შესაბამისობაში მოყვანაა.

“ჩვენს გამოწვევებს ორ ნაწილად ვყოფთ, სირთულეები, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და სირთულეები, რასაც დამოუკიდებლად უნდა გავუმკლავდეთ. გლობალურ კონტექსტში უდიდესი პრობლემაა სერტიფიცირებული ნედლეული ფანერის და ხის სახით. ომის შემდგომ FSC-მა (Forest Stewardship Council) რუსეთს და ბელორუსს სერტიფიცირება შეუჩერა. ეს მსოფლიოს გამოწვევაა.

კომპანიის შიგნით კი მთავარი გამოწვევა წარმადობის და გაყიდვების შესაბამისობაში მოყვანაა. წარმოება საკმაოდ რთული ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება მქონდა, ასევე, პროექტების მართვაში, ძალიან რთული აღმოჩნდა ეს პროცესი. საკუთარი წარმოება, ერთი მხრივ, დიდი კომფორტია - მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, მეორე მხრივ, დიდი ძალისხმევაა საჭირო მდგრადი განვითარების პროცესში გაუძლო მიმდინარე სირთულეებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად ვართ განწყობილი და უკვე შევიკრიბეთ ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია სირთულეებს გაუძლოს”, - თქვა მან.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გეგმები დიდია, კომპანია წარმადობის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს და პარალელურად ექსპორტზეც გავა.

“ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან, წარმადობის გაზრდასთან ერთად ექსპორტზეც გავალთ, რადგან ჩვენი ყველა პროდუქტი და წარმოების პროცესი მთლიანად ექსპორტისთვის შესაბამისობაზეა გათვლილი”, - დასძინა მან.

ცნობისთვის: კომპანია 2021 წელს დაფუძნდა, “გოგორას” თბილისის საწარმოში ამჟამად 6 ადამიანი, ხოლო აჭარის საწარმოში 3 თანამშრომელია დასაქმებული, მიმდინარეობს თანამშრომლების შერჩევა და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, 12-მდე გაიზრდება.

”გოგორას” პროდუქცია კომპანიის ვებგვერდზე და კონცეპტუალური მაღაზია „პატარა ბაზარში“ იყიდება, წარმადობის ზრდასთან ერთად იგეგმება სხვადასხვა ქსელთან თანამშრომლობაც. პროდუქტის ფასები 80 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს, სათამაშოების ხაზის დამატების შემდეგ, მათი ფასები 10 ლარიდან 200 ლარამდე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები