მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გოგორას" მიერ წარმოებული საბავშვო განმავითარებელი ავეჯი, საქართველოში პირველად, "ლაბებეს" მაღაზიაში გაიყიდება

ლაბებე და გოგორა

კომპანია "გოგორას" მიერ წარმოებული საბავშვო განმავითარებელი ავეჯი, საქართველოში პირველად, "ლაბებეს" მაღაზიაში გაიყიდება.

როგორც კომპანია "ლაბებეს" დამფუძნებელი, ლერი ტაბატაძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, ამ დრომდე ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა არ ჰქონიათ. რის მიზეზადაც, დაბალი ხარისხი და დაბალი სტანდარტები სახელდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას გარდა „გოგორასი“ სხვა ბრენდებთანაც ჰქონდა თანამშრომლობის მცდელობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია შედარებით უფრო სტარტაპის ეტაპზეა და ისეთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, როგორსაც ევროპაში წარმოებული პროდუქცია, მათთან თანამშრომლობა ვერ შედგა.

„კომპანია „გოგორასთან“ თანამშრომლობა უკვე დავიწყეთ და მათ მიერ წარმოებული თითქმის სრული ასორტიმენტი გვაქვს წარმოდგენილი. სულ მალე ჩვენს ვებგვერდზე, labebe.ge-ზეც „გოგორას“ პროდუქციაც გაჩნდება. ეს კომპანია ხარისხობრივად თვიდან თვემდე იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოშიც შეგვიძლია კარგი პროდუქციის წარმოება და მომხმარებლის დაკმაყოფილებაც.

რაც შეეხება საფასო სეგმენტს, საფასო სეგმენტში ადგილობრივი წარმოება დაახლოებით 10-15%-ით უფრო დაბალი ღირებულებისაა, ვიდრე ევროპულის. ასე რომ ადგილობრივ წარმოებას მართლაც დიდი პოტენციალი აქვს როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე“,- აცხადებს ტაბატაძე.

მისივე ცნობით, კომპანია „ლაბებე“ წლის ბოლომდე ქსელის ზრდას გეგმავს, ამასთან ვცდილობთ ახალი ევროპული ბრენდების დამატებასაც. მაგალითისთვის, კომპანიაში უახლოეს პერიოდში ესპანური ჩანთების ბრენდიც უნდა გამოჩნდეს, ამასთან კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე მუდმივად ძიების პროცესშია, რათა ქვეყანაში ახალი და უცხო ბრენდები შემოიტანოს.

ქართული ხის სათამაშოებისა და მონტესორის საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანიის „გოგორას“ დამფუძნებელი, ნინო რაზმაძე BMGTV-ს ეთერში მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულად ევროპულ ბაზარზეა გათვლილი და ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, კომპანია „ლაბებესთან“ თანამშრომლობა მათთვის ერთგვარი ტრამპლინი იქნება, რადგან „ლაბებეს“ მაღაზიაში მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია იყიდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი „ლაბებეს“ პოზიცია, რომ ქართულ კომპანიებთან არ თანამშრომლობდა, არც კი მიოცნებია, რომ მათთან თანამშრომლობა შედგებოდა. ლერი ჩვენს პროდუქციას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე ნახულობდა ხოლმე, შესაბამისად, სწორედ აქედან წამოვიდა ჩვენი თანამშრომლობაც.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ამ ტიპის ავეჯის წარმოება არ არსებობს, ვცდილობდით ევროპული გამოცდილებები გაგვეზიარებინა და შედეგზეც გავედით. დაახლოებით წელიწად-ნახევარია რაც ქართულ ბაზარზე ვართ. ჩვენი სარეალიზაციო სივრცეები ძირითადად ციფრული არხები, ვებგვერდი და სოციალური ქსელებია. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი იყო პატარა ბაზარზე, ვაკის ტერიტორიაზეც“,- განაცხადა რაზმაძემ.

კომპანია „გოგორა“ გარდა „ლაბებესი“, კომპანია „მონუშუსა“ და „ველი სთორიზე“ შესვლასაც აპირებს. ამასთან ბაზარი ორბელიანზეც "კოკიტოს" სივრცეში.

რაც შეეხება ექსპორტს, რაზმაძის განმარტებით, იმისდა მიუხედავად, რომ კომპანიას ევროპასა და ამერიკაში საცალო გაყიდვა აქვს განხორციელებული, კომპანია ექსპორტიორი არ არის.

„ექსპორტის მენეჯმენტი გავიარე სააგენტოს „აწარმოე სააგენტოში“ ფარგლებში და საკმაოდ საფუძვლიანი ცოდნა შევიძინე ამ კუთხით. შესაბამისად, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პროდუქტები ექსპორტისთვის სრულად მზად არის. წარმოების კუთხით არაფრის შეცვლა არ დაგვჭირდება და ვცდილობთ რომ კომპანია წარმოების კუთხით ადგილობრივი ბაზრისთვის იყოს მძლავრი.

ამ ეტაპზე, თვის განმავლობაში 200-დან 300 ერთეულამდე პროდუქტს ვაწარმოებთ. თუმცა, თავისუფლად შეგვიძლია 400-500 ერთეულის წარმოებაც.

ამ ეტაპზე, ბაღებთან და საჯარო ბაღებთან B2B ურთიერთობები გვაქვს დაგეგმილი . შარშან, თბილისის ბაღებში 200-მდე პროდუქტი შევიდა . ახლახან ფრანგულ დისტრიბუტორ კომპანია Vesco Group-ს ვუმასპინძლეთ, რომელიც სკოლებსა და ბაღებს ამარაგებს. ამჟამად, მათთან მოლაპარაკების პროცესში ვართ. მათ ჩვენი პროდუქცია უკვე ნახეს და წარმოებაში ფაქტობრივად არაფრის შეცვლა არ დაგვჭირდება“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

კომპანიის წარმომადგენელი გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი კომპანიისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა წარმოების პროცესის მენეჯმენტია. ის, რომ სწორად თვითღირებულების დათვლა მოახერხონ და თითოეული თანამშრომლის მუშაობა იყოს ეფექტური, კომპანიის დამფუძნებლის თქმით ამაზე დიდი სირთულე წარმოებაში არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები