მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის ბანკი აპრილამდე გაიხსნება - როგორ იმუშავებს საპილოტე სისტემა?

დისტრიბუცია

"საქართველოში, ერთ-ერთ მსხვილ მარკეტის ქსელში, ყოველწლიურად, საშუალოდ 15-20 მლნ ლარის პროდუქცია იყრება", - ამის შესახებ "გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის" პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა განაცხადა.

როგორც ჯუბა მარუაშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სურსათის ბანკი საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება. ის თავდაპირველად წყალტუბოში იმუშავებს, 1-2 წელი საპილოტე იქნება.

"მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანაში სურსათის დანაკარგი უნდა შემცირდეს და ამისგან სარგებელი ადამიანებმა ნახონ. კერძო სექტორთან აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა. მივედით დასკვნამდე, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სურსათის დონაციის საშუალება. ამოქმედდება სურსათის ბანკი, რომელიც სურსათის უფასო გადანაწილებას გულისხმობს. ეს არის სასაწყობე სივრცე, რომელსაც ვალდებულება აქვს, ისევე განათავსოს სურსათი, როგორც ეს სურსათის ბიზნეს - ოპერატორს მოეთხოვება. ახლა ლოგისტიკური ნაწილის მოსამზადებელი ეტაპზე ვართ, სურსათის ბანკის ერთი ცენტრი თბილისში იქნება, სადაც შემგროვებელი ცენტრი მოეწყობა, მეორე - წყალტუბოში, სადაც პროდუქცია გადანაწილდება. საპილოტე რეჟიმი ჩვეულებრივად იფუნქციონირებს, ეყოლება ბენეფიციარები და ამავდროულად დავაკვირდებით, რა დამატებით ფუნქციები სჭირდება ამ სისტემას, რომ მან გამართულად იმუშაოს", განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.

FAO-ს მრჩევლის თქმით, ერთი კალათა საკვების ბოქსი გაკეთდება და ბენეფიციარი, მას შემდეგ, რაც ბანკს მიმართავს და რეგისტრაციას გაივლის, საკვებს მიიღებს. ის მოემსახურება მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც პროდუქცია სჭირდება და უპირატესობა სოციალურად დაუცველებს მიენიჭებათ, თუმცა დაწესებული შეზღუდვა არ იარსებებს.

"ვფიქრობ, სურსათის ბანკში პროდუქციის აკუმულირება არ უნდა გაჭირდეს. ერთ-ერთ ქსელში, წლიურად 15-20 მლნ ლარის საკვები იყრება. სწორედ, მსგავსი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ჩიხში არ შევალთ. კანონით სურსათის მიღება არავის აეკრძალება, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება სარგებლობა, მაგრამ პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიენიჭება", - აღნიშნა მან.

სურსათის ბანკი ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. ის ისეთ ქვეყნებში არსებობს, როგორებიცაა: ბელგია, იტალია და საფრანგეთი. პროექტში, მათ შორის, რესტორნები და სასტუმროები მონაწილეობს. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ბანკში ისეთი პროდუქცია ვერ მოხვდება, როგორებიცაა ხორცი და რძის პროდუქტები. სწორედ, ამიტომ საქართველოში სურსათის ბანკში პირველ ეტაპზე ჰორეკა სექტორი პროდუქციას არ განათავსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები