მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, თანამედროვე იახტას ვერ ვიღებთ“- "სილქ დეველოპმენტი"

64b4cbf216ff8
თათია ჩაფიჩაძე
17.07.23 11:52
2412
„წყლის ტრანსპორტის განუვითარებლობა აჭარის რეგიონს მაღალშემოსავლიანი ტურისტების მიღების საშუალებას უკარგავს“, - ამის შესახებ განცხადება BMG-თან კომპანია „სილქ დეველოპმენტის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა გიორგი კაპანაძემ გააკეთა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით მუშაობა სახელმწიფომ კერძო სექტორთან პარტნიორობით უნდა დაიწყოს.

„ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ კანალიზაციის, გაზიფიცირების, წყალმომარაგების და ამ მიმართულებების გარდა, წყლის ტრანსპორტის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. სახელმწიფოსთან და კერძო სექტორთან ერთად უნდა დაიწყოს ამაზე აქტიური მუშაობა. ჩვენ არ ვიყენებთ ამ რესურსს და ამის გამო ვკარგავთ მაღალ შემოსავლიანი ტურისტების დიდ სეგმენტს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო თანამედროვე იახტას ვერ ვიღებთ და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ამ საკითხში გვეთანხმებიან. მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც... მაგრამ მგონია, რომ ეს საკითხი პრიორიტეტებში ჩაჯდა.

ჩვენ გვაქვს პროექტი ამ მიმართულებით, გრგ შეთანხმებულია, უნდა განვავითაროთ იახტ კლუბი და მოვაწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით ისე, რომ ზღვა არ დავაბინძუროთ. ამას სჭირდება სერიოზული ინვესტიცია და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მშენებლობის ვადებზე დაზუსტებით მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ დასრულების შემდეგ კომპანია „სილქ დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ბათუმში, „სილქ თაუერსის“ პროექტს დაიწყებს. როგორც კომპანიის ბიზნეს დეველოპმენტის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ცოტა ხნის წინ განაცხადა, პროექტი 6 ჰა ტერიტორიაზე 5 კოშკის, 2 ჰა-ზე პარკინგის და 1 ჰა-ზე იახტკლუბის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია $300-350 მლნ-მდეა, მისი განხორციელება კი 5-7-წლიან პერიოდშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები