აჭარასთან ერთად საქართველოს 9 ქალაქში მდებარე სკოლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა თქვა, უწყებათშორისი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიღებულია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების გამო.
„1500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი სკოლებში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმში. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქს ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტური და სკოლების ნაწილი კვლავ გამოსაყენებელი იქნება საარჩევნო უბნებად, ასევე აუცილებელია მობილობის შემცირება ქალაქებში, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდება თბილისში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. სწავლა დისტანციურ რეჟიმზეა აჭარაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, სწავლების მსგავსი რეჟიმი გაგრძელდება სავარაუდოდ 25 ნოემბრამდე და სწავლის აღდგენა აღნიშნულ სკოლებში მოხდება სწორედ ამ დროს.
მისივე თქმით, სწავლას გრძელდება ასევე დისტანციურად უფროს კლასებში, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.



























