მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის ბიუჯეტი ₾700 მილიონს გადააჭარბებს

აჭარა
BM. GE
25.10.23 13:41
77

2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, გაიზარდა როგორც სამინისტროების ბიუჯეტი და შესაბამისად ის მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა. ტრანსფერი 35, 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 241 მლნ ლარს შეადგენს.

"ჩვენ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ აჭარის 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა. პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის თითოეულ მაცხოვრებელზე და განვახორციელოთ ის მიზნობრივი პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ვთვლი, რომ სწორ გზას და სწორ კურსს ვავითარებთ, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას თანაბრად ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მხარდაჭერას, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა აჭარის ა/რ-ის მთავრობის ხელმძღვანელმა.

დაიწყება „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა, რისთვისაც 17 000 000 ლარია გათვალისწინებული. განხორციელდება გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობა. ჭვანას და მაჭახელას „ეთნოსოფელის“ განვითარების პროექტისთვის 5 მლნ ლარია გათვალისწინებული

ხოლო, 35, 8 მლნ ლარი გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ეფექტურად განხორციელდება ყველა დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტი, გაგრძელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები.

"ახალი ბიუჯეტით 95-ზე მეტის სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა განხორციელდება. ასევე, 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით, ჩვენ გავაგრძელებთ სტუდენტების და პედაგოგების მხარდაჭერას. ამოქმედდება ახალი პროგრამა პედაგოგთა მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხებათ პედაგოგებს, რომლებიც რაიონებში ეწევიან საქმიანობას და მათ მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით“, - განაცხადა რიჟვაძემ.

2024 წელს 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, მათ შორის, ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება, რისთვისაც 37 000 000 ლარი დაიხარჯება. გაგრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები. 1500 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ. სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, 7 175 000 ლარია გათვალისწინებული.

"იზრდება სპორტის მიმართულებით დაფინანსება. ინფრასტრუქტურის ჭრილში 37 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ასევე, ბათუმში განახლდება საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის მშენებლობა. ახალი სპორტული მოედნები დაემატება რიგ მუნიციპალიტეტებს. ასევე, სპორტული ფედერაციები უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ისარგებლებენ, რაც შეეხება სპორტსმენების წახალისებას. ამ მიმართულებითაც გაიზარდა საპრიზო ფონდი მილიონი ლარით. შესაბამისად, ყველა გამარჯვებული სპორტსმენი და მათი მწვრთნელები, როგორც ოლიმპიადებზე, ასევე ევროპის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ისარგებლებენ გაზრდილი საპრიზო ფონდით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2024 წელს 42 ფედერაციის სპორტული ღონისძიება დაფინანსდება. ერთჯერადი ჯილდოების სახის გაიცემა 1 000 000 ლარი. აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა და მათ პირად მწვრთნელთა სტიპენდია 200 000 ლარი იქნება.

მისივე ინფორმაციით, 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარს შეადგენს. შედეგად, გაიზრდება გულის ქირურგიის და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება. ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციით 2 260 ბენეფიციარი ისარგებლებს.

„გაიზარდა ყველა სამინისტროს დაფინანსება ისევე, როგორც თითოეული მუნიციპალიტეტის მიზნობრივი კაპიტალური ტრანსფერები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უკვე შეადგენს 51 მილიონ ლარს, რაც მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ შემდეგი პროგრამები, ეს ეხება როგორც გული ქირურგიის დაფინანსებას, ასევე ავთვისებიანი სიმსივნის პაციენტებს გაეზრდებათ დაფინანსება და აღნიშნული პროგრამით 6000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ვზრდით დაფინანსებას ეკომიგრანტების ახალი სახლების შესაძენად. 120-ზე მეტი ეკომიგრანტი მომავალ წელს დაკმაყოფილდება ახალი, უსაფრთხო სახლებით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ახალი პოლიკლინიკის და სასწრაფო და გადაუდებელი ცენტრის მშენებლობა. „ბათუმის არსებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატება პედიატრიული განყოფილება. პირველ სართულზე, ყველაზე დიდ ფართზე მოეწყობა მიმღები და შესაბამისი განყოფილებები, რათა კიდევ უფრო მეტად შევძლოთ ვიზრუნოთ ჩვენს ბავშვებზე და მოქალაქეებზე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები