აჭარის მთავრობა 2024 წელს რეკორდულად დიდ თანხას - 726 მილიონ ლარს დახარჯავს. ეს 2023 წელთან შედარებით 154 მილიონი ლარით მეტია.
მომდევნო წელს აჭარის მთავრობის დაფინანსების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლები იქნება. საუბარია საშემოსავლო გადასახადზე, რომელსაც აჭარის ტერიტორიაზე დასაქმებული პირები იხდიან. 2024 წელს საშემოსავლო გადასახადის სახით აჭარის მთავრობა 535 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 2023 წელთან შედარებით 55 მილიონი ლარით მეტია. ამასთანავე, აჭარის ბიუჯეტი 93 მილიონ ლარს მიიღებს არაფინანსური აქტივების კლებისგან (პრივატიზაციიდან); ხოლო 21 მილიონ ლარს სხვადასხვა ტრანსფერებიდან და საბანკო სარგებლისგან. ამასთანავე კიდევ ერთი წყარო რომელსაც აჭარის ბიუჯეტი დაფინანსებისთვის გამოიყენებს არის ბიუჯეტის ნაშთი, რაც 2023 წლიდან გადავა, მთლიანობაში ნაშთის კლება 77.5 მილიონი ლარი იქნება.
რაც შეეხება 726-მილიონიან ბიუჯეტის ასიგნებებს, ის ასე ნაწილდება:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 140.6 მილიონი ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 139.8 მილიონი ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 51.2 მილიონი ლარი;
- ბათუმის მუნიციპალიტეტი - 71.5 მილიონი ლარი;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 20.3 მილიონი ლარი;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 18.6 მილიონი ლარი;
- ქედის მუნიციპალიტეტი - 7.1 მილიონი ლარი;
- შუახევის მუნიციპალიტეტი - 9.2 მილიონი ლარი;
- ხულოს მუნიციპალიტეტი - 10.3 მილიონი ლარი;
- ქალაქ ბათუმისთვის გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარება - 115.6 მილიონი ლარი;
- აჭარის მუნიციპალური შპს-ების დაფინანსება - 55.7 მილიონი ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 32 მილიონი ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 7.5 მილიონი ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია - 4 მილიონი ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 5.8 მილიონი ლარი;
ბიუჯეტის თანახმად, აჭარის მთავრობა და სხვადასხვა სამინისტროში 3,361 დასაქმებული პირის ხელფასი 62.8 მილიონი ლარი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით 8 მილიონი ლარით იზრდება.