აჭარის კულტურის მინისტრი მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე იქნება. ის დღეს აჭარაში "ქართული ოცნების" მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი მარტიდან, კულტურის მიმართულება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა. ეს, რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში კულტურის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს, 2025 წლის ბიუჯეტის კანონის თანახმად, 44 482 700 ლარს შეადგენს. იქიდან გამომდინარე რომ უწყება ახალი გამოყოფილია, წინა წლების ასიგნებებზე ინფორმაცია არ არსებობს.
უწყების ბიუჯეტის თითქმის ნახევარი, 21.6 მლნ ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯია. დასაქმებულთა რაოდენობა კი 1 893 ადამიანს შეადგენს.
ბიუჯეტის კანონში წერია, რომ "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს სახელოვნებო განათლებას, ახორციელებს კულტურულ ღონისძიებებს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას".




























