მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარის მთავრობა სულხან თამაზაშვილის ქონებასთან დაკავშირებით TI-ს პასუხობს

სულხან თამაზაშვილი
04.07.25 15:38
1469

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამაზაშვილების ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობდა და ცხოვრობს უკვე დაახლოებით ხუთი თაობის განმავლობაში. ასე პასუხობს სახელმწიფო უწყება სულხან თამაზაშვილის ქონებასთან დაკავშირებით დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც წერია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სანქცირებულმა სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2,887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ოჯახი მრავალი წელია დასახლებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე და ეს ფაქტი ადგილობრივი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 1990-იან წლებში აშენდა და მამის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო სამ შვილს საკუთრებაში 25-25%-იანი წილები აქვთ. ასევე აცხადებენ, რომ სახლი არარეგისტრირებულ მიწაზე არ მდებარეობს და მიწა სრულად არის დარეგისტრირებული სახელმწიფო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.

ცნობისთვის, სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 7 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო იგი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასანქცირა.

სულხან თამაზაშვილი 1983 წელს ქობულეთშია დაბადებული. მას ჰყავს ორი შვილი და მეუღლე. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 29 ნოემბერს აქვს შევსებული.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სულხან თამაზაშვილს 2017 და 2019 წლებში მემკვიდრეობით აქვს მიღებული ქობულეთის რაიონის სოფელ ქვედა სამებაში 2 500 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 2 498 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის 50%-საც ფლობს. მის მეუღლეს კი წავკისში მიღებული აქვს მემკვიდრეობით აგარაკი 2006 წელს.

2011 წელს კი თბილისში ნაყიდი აქვს 74 კვ.მ ბინა 50 000 ლარად.

ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას სულხან თამაზაშვილს სახელფასო ბარათზე 1053 ლარი ჰქონდა.

2023 წლის განმავლობაში სულხან თამაზაშვილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე აღებული აქვს 98 892,02 ლარი ხელფასის სახით. რაც შეეხება სესხს, მას 2023 წელს აღებული აქვს ათწლიანი სამომხმარებლო სესხი 60 000 ლარის ოდენობით, რომლის გასავალიც საანგარიშო პერიოდში 42 629,21 ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები