ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში“, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე რეალურია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობისას შენობის საყრდენი კედელი გადაიხარა, რის გამოც მაშველებს სამუშაოების ნაწილის შეჩერება და შენობის უკანა მხრიდან გაგრძელება მოუწიათ. მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი იდენტიფიცირებულია. მისი განმარტებით, შემთხვევა მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვას უკავშირდება.
“სამწუხაროდ, ნანგრევებშია 7 პირი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებულია და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებას. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა კონტაქტურია.
სამაშველო ღონისძიების პირობებში, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა და უკნიდან მუშაობენ ბიჭები. ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა და უშუალოდ იდენტიფიცირებულია. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას. კონტაქტურია და გვიყვება, რომ ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთეო და დილით ისევ ვცადე ჩართვა და მოხდა აფეთქებაო", - ამბობს თამაზაშვილი.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. ისინი კიდევ დაკარგულ 7 ადამიანს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში“, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.
























