ფონიჭალაში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში ერთი წლის განმავლობაში მუდმივი მცხოვრები არ ფიქსირდებოდა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ TV პირველთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, კომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოების წესების შესაბამისად, ქალაქში არსებულ საცხოვრებელ სახლებს წელიწადში ერთხელ ამოწმებენ, თუმცა კონკრეტული ბინა ვერ შეამოწმეს, რადგან კარი დაკეტილი დახვდათ და თანამშრომლებმა შიგნით შესვლა ვერ შეძლეს.
„წესის შესაბამისად, ქალაქში თითოეული სახლი წლის განმავლობაში მოწმდება უსაფრთხოებაზე. თუმცა კონკრეტულად მეხუთე სართულზე ერთი წლის განმავლობაში მცხოვრები არ ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ადამიანი ამ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობდა და პერიოდულად იმყოფებოდა“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული ტერიტორიიდან გაზის გაჟონვის შესახებ კომპანიაში შეტყობინება არ შესულა: „გასული ორი წლის განმავლობაში აღნიშნული ტერიტორიიდან არ გვქონია ინფორმაცია გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით, ვინმეს რომ მოემართოს. რაც შეეხება შემოწმებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე შემოწმება ჩატარებულია, თუმცა კონკრეტულად იმ ბინაში კარი დაკეტილი იყო და შესაბამისად, შიგნით შეღწევა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში“, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სადარბაზო ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვა გახდა.
























