ძველ საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრება და ბინების სპეციალური დეტექტორებით აღჭურვა, ენერგეტიკოს გია არაბიძის აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ბუნებრივი აირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ენერგეტიკოსი „საქმის კურსს“ ესაუბრა.
„გაზის დეტექტორები უკვე არის ხელმისაწვდომი, ყოველ შემთხვევაში, სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ძვირი ნამდვილად არ ღირს. სადღაც 50-60 ლარის ფარგლებშია საუკეთესო ვარიანტები. ამიტომ თუ ახალი მშენებლობები ვალდებულნი არიან და გაზს არ მოგაწოდებენ ისე, თუ ეს დეტექტორი არ გიყენია, იქნებ, აი ამ ამბის შემდეგ დავფიქრდეთ და იმ ძველ ბინებში, რომლებიც არ არიან აღჭურვილი დეტექტორებით, ვაიძულოთ, რომ დააყენონ, ან უარეს შემთხვევაში თუ პრობლემებია და სოციალურად დაუცველი ოჯახებია, ვუყიდოთ და დავუყენოთ“ - აღნიშნა გია არაბიძემ.
ენერგეტიკოსი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ხმოვანი სიგნალის მქონე მოწყობილობებზე, არამედ ისეთ სისტემებზე, რომლებსაც საფრთხის შემთხვევაში გაზის მიწოდების ავტომატურად შეწყვეტა შეუძლიათ. მისი თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ უბედური შემთხვევების უდიდესი ნაწილი სწორედ თვეების განმავლობაში დაკეტილ და უმოქმედო ბინებში ხდება, რის გამოც აუცილებელია მსგავს ობიექტებზე გაზის ცენტრალური სარქველის დალუქვა და ხელახალი ჩართვის წინ ტექნიკური შემოწმება.
„დეტექტორს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ცენტრალური შემოსასვლელი სარქველი დაკეტოს, როგორც ახალ ბინებში, ეგრეთ წოდებული, „ჭკვიანი მრიცხველებით“ ხდება. განსაკუთრებით იმ ბინებში, სადაც თვეების განმავლობაში მოხმარება არ არის. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევების 80% ხდება იმ ბინებში, რომლებიც თვეების განმავლობაში დაკეტილია. თუ ვხედავთ, რომ გავიდა ექვსი თვე, ერთი წელიწადი და მას მოხმარება არა აქვს, დავულუქოთ ცენტრალური შემავალი სარქველი და ვინც მოითხოვს გაზის ჩართვას, შემოწმდეს, შესაბამისი აქტი შედგეს და მერე გავიდეს ეს დანადგარები ექსპლუატაციაში. ასევე, გაზის კომპანიებს უნდა გაეზარდოთ უფლებამოსილების ფარგლები, ხოლო მომხმარებლებმა, ელექტრონულ ქვითრებთან ერთად, უსაფრთხოების მინიმალური წესების შეხსენებაც უნდა მიიღონ. კიდევ ერთი უმთავრესი წესი, თუ გაზის დანადგარი პირველივე ცდაზე არ ირთვება, აღარ სცადოთ მისი ჩართვა და გამოიძახეთ სპეციალისტი“, - განაცხადა გია არაბიძემ „საქმის კურსთან“ საუბარში.
უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები პერიოდულად საუბრობენ. საკითხის გააქტიურება, ამჯერად, ფონიჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქებას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა გაზის დანადგარის რამდენჯერმე უშედეგოდ ჩართვის მცდელობა, რამაც საბოლოოდ სავალალო შედეგი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტრაგედია ფონიჭალაში 2019 წელსაც მოხდა, რასაც დედისა და მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
























