ქვემო ფონიჭალაში მოხდება აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსის სრული დემონტაჟი და მის მაგივრად ახალი აშენდება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მუნიციპალიტეტი გვერდზე სადარბაზოების მცხოვრებლების სურვილის შემთხვევაში შესაბამისი პროექტის განხორციელებისთვის მზადაა.
"ამჟამად 28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, თუ სურვილი ექნებათ, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად მოინახულა.
"საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ისინი საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან" - აღნიშნა კახა კალაძემ.
























