აჭარის მთავრობა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობს. ამ საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩ აჰმედ ალნუაიმისთან შეხვედრაზე ისაუბრა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საამიროებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მზარდია და საქართველო საამიროებისთვის რეგიონში სულ უფრო მნიშვნელოვან პარტნიორად ყალიბდება.
უწყების ცნობით, ზურაბ პატარაძემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და განსაკუთრებით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის, როლი გამოყო. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მზადყოფნა, გაძლიერდეს თანამშრომლობა საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან. მათ შორის განიხილება ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება.
მხარეებმა ყურადღება საქართველოში საამიროების მხრიდან საინვესტიციო ინტერესის ზრდასაც დაუთმეს და აღნიშნეს, რომ ამ პროცესში აჭარის მრავალფეროვანი რესურსები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
შეხვედრის დასასრულს საუბარი შეეხო შავი ზღვის პოტენციალის ათვისებასა და შუა დერეფნის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასაც.




























