მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი წარადგინეს

სს

"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

წარდგენას "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, პარლამენტისა და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერის საფუძველზე მიიღო.

"ბატონი სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის ის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ახლო წარსულში, ის შს სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღირსების ორდენით დავაჯილდოვე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი სულხან თამაზაშვილი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა წარდგენისას.

სიტყვით გამოვიდა "ოცნების" პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძეც:

"სულხან თამაზაშვილი არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული და გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს ყველა თვისება, მას აქვს გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ჩვენს წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გაართმევს თავს ბატონი სულხან თამაზაშვილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი სულხან თამაზაშვილიც, რომელმაც მადლობა გადაიხადა ამ შესაძლებლობისთვის.

„ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ამძაფრებს ის გარემოება, რომ მე ამ კუთხის შვილი ვარ - დავიბადე და გავიზარდე აჭარაში, ჩემს მეხსიერებაში ყველაზე კარგი თუ რამე მახსენდება, სწორედ ამ წლებს უკავშირდება. მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მოვახმარო ჩემს ხალხს და რესპუბლიკას“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ დღეს დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები