მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარის სეზონის გახსნის საზეიმო კონცერტზე 144,500 ლარი დაიხარჯება - როდის გაიხსნება/ვინ იმღერებს?

ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ბათუმში დაგეგმილი საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნის ორდღიანი ფესტივალის – „ზაფხული იწყება აქ“ – მუსიკალური პროგრამის ორგანიზებისთვის 144 500 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს. დოკუმენტების თანახმად, ფესტივალი 20-21 ივნისს გაიმართება ბათუმში, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიება დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა და მისი მიზანი ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ბათუმის, როგორც ფესტივალების ქალაქის, იმიჯის შენარჩუნებაა.

შესყიდვა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით ხორციელდება და მოიცავს როგორც დიჯეების, ისე მუსიკალური ჯგუფების მომსახურებას. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ DJ Chiki, DJ Nugo, DJ ბენე, DJ Guri de Sal, ასევე ჯგუფები Ocean Drive, Latino Orchestra, 4UP, Why Not, La Fiesta, Emotion, „სინთეზი“, „მიქსტურა“, „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „ერთი მეოთხედი“ და ლინდა ადამია, ასევე New One.

სააგენტოს განმარტებით, ფესტივალის მუსიკალური პროგრამა სხვადასხვა ასაკისა და მუსიკალური გემოვნების მქონე აუდიტორიაზეა გათვლილი. უწყების ინფორმაციით, შერჩეული შემსრულებლები წარსულშიც მონაწილეობდნენ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების ექსკლუზიური უფლებამოსილება დადასტურებულია ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) მიერ გაცემული ცნობებით. სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით სააგენტო მიიჩნევს, რომ მომსახურების გაწევა სხვა პირების მიერ შეუძლებელია და შესყიდვის ობიექტის ჩანაცვლების მიზანშეწონილი ალტერნატივა არ არსებობს.

სააგენტოს ცნობით, მომსახურების ღირებულება წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულებები თითოეულ შემსრულებელთან ინდივიდუალურად გაფორმდება. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ფესტივალის ჩატარების თარიღი, საჭიროების შემთხვევაში, ამინდის პირობების გათვალისწინებით შეიძლება შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები