აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის და სარეკლამო მომსახურებისთვის 7.6 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს.
შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია სარეკლამო მომსახურება რეგიონის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით. თუმცა, თუ რომელ კონკრეტულ ქვეყნებში იგეგმება აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზება, სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული არ არის.
გამარტივებული შესყიდვით ასევე გათვალისწინებულია აჭარის ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევა, ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება; საინფორმაციო ბროშურებისა მომზადება-ბეჭდვა და ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზება.
კერძოდ, 7.6 მლნ დაგეგმილ ღონისძიებებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
- რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით (მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით) - ბიუჯეტი 3 500 000 ლარი.
- სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება და ტურიზმის სტიმულირება - ბიუჯეტი 800 000 ლარი.
- საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების;
- საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში,
- კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციების, კონფერენციების, ფორუმების, ფესტივალის, სამუშაო შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიების და პიარ აქტივობის ორგანიზება - ბიუჯეტი 520 000 ლარი.
- სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალებისა და სხვა პიარ-აქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პროდუქტების, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისების მიზნით - ბიუჯეტი 700 000 ლარი.
- ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით - ბიუჯეტი 450 000 ლარი.
- ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზების - ბიუჯეტი 200 000 ლარი.
- ფოტომომსახურებები - ბიუჯეტი 300 000 ლარი.
- საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებასთან, საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა - ბიუჯეტი 450 000 ლარი.
- რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო - საპრეზენტაციო ვიდეო რგოლის დამზადება - ბიუჯეტი 500 000 ლარი.
- საინფორმაციო ბროშურებისა (მათ შორის, სახელმძღვანელოების, გაიდების, გზამკვლევების) და სხვა მასალების მომზადება-ბეჭდვა- ბიუჯეტი 150 000 ლარი.
- საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმებზე (Airbnb, Booking, Vrbo, Tripadvisor) აჭარის რეგიონიდან რეგისტრირებული განთავსების არარეგისტრირებული ობიექტების (კერძო პირები, რომლებიც აქირავებენ კერძო სახლებს, ბინებს და ოთახებს) სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციების, დატვირთვის კოეფიციენტის კვლევა - ბიუჯეტი 60 000 ლარი.
ღონისძიებების ჩატარების პერიოდად მიმდინარე წელი - იანვრიდან 31 დეკემბრამდე არის განსაზღვრული.
“სერვისის დონე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რეგიონში, რომელზეც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს. გარდა სტანდარტული სავალდებულო ტრენინგ კურსებისა, ტურიზმის დეპარტამენტი კვლავ გეგმავს სექტორის საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების ორგანიზებას მომსახურების სხვადასხვა სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. დაგეგმილია სერვისის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური სახელმძღვანელობისა და გაიდების შექმნა, რომელიც სფეროს წარმომადგენლებს გაუადვილებს თანამედროვე სტანდარტების ობიექტებზე დანერგვას და გაამრავალფეროვნებს ტურისტულ მიმართულებებს.
აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით დეპარტამენტი მონაწილეობს პრეზენტაციების, კონფერენციების, ფორუმების, სამუშაო შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიებისა და პიარ აქტივობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში”, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.