საინტერესო შედეგები აქვს “აჭარისწყალი ჯორჯიას” მფლობელობაში არსებულ ჰესებს. ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' ერთ-ერთი წამყვანი ენერგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 178 მგვტ შუახევი ჰესს და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესს, შესაბამისი წყალსაცავებით, კაშხლებითა და დამბით.
2023 წელს შუახევი ჰესების კასკადმა ჯამურად 513 კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც დაახლოებით 10% გადააჭარბა საპროექტო მაჩვენებელს. და ბოლო სტატისტიკით, ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ქვეყნის გენერაციაში დაახლოებით 5%-დან 7% მდე შეადგენს. მარტო ამ ორ ჰესს დაახლოებით 7% აქვთ ქვეყანაში წარმოებული გენერაციაში კონტრიბუცია.
რეკორდული მაჩვენებლის ელექტროენერგიის გამომუშავებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ტექნოლოგიებს. კომპანიის ინვესტორები და მენეჯმენტი ორიენტირებულია, რომ მუდმივად განახორციელოს ინვესტიცია უახლეს ტექნოლოგიებში. შუახევის ჰიდროელექტროსადგურში დაინერგა საუკეთესო მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ დროში მონაცემების ზუსტი სენსორული მაჩვენებლებისა და ჰიდრავლიკური კონსტრუქციების, კაშხლების, გვირაბების და აღჭურვილობის ანალიზზე.
შუახევის ჰიდროელექტროსადგურში დიგიტალიზაციის პროექტების ინტეგრაციამ მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია შემოდინების პროგნოზირებაში,ისეთი სისტემების გამოყენებაში, როგორიცაა პაუელის შემოდინების პროგნოზირება და თოვლის საზომი კვლევები.
პაუელის პროგნოზირების სისტემის დანერგვა, რომელიც ინტეგრირებულია ამინდის მონიტორინგის სადგურებთან, გადამწყვეტი ნაბიჯია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაში გაუმჯობესებული ოპერაციული ეფექტურობისთვის.ეს სისტემა იყენებს მოწინავე ალგორითმებს, ისტორიულ, 40-წლიან ჰიდროლოგიურ მონაცემებს და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს შემოდინების პროგნოზირებისთვის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეალურ დროში ინფორმაციის არსებობას, ეს კი უფრო ზუსტი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა. აი ასეთი სისტემები დაიგეგმა შუაგულ აჭარაში.
კომპანიის დიგიტალიზაციის ინიციატივებში თოვლის საზომი კვლევების ჩართვა კიდევ უფრო აუმჯობესებს შემოდინების პროგნოზირების პროცესს. თოვლის დონის ზუსტი გაზომვა 10 იდენტიფიცირებულ სიმაღლესა და პირობებში იძლევა წყლის რესურსების ანალიზის საშუალებას,რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურში შემოდინების ზუსტ გამოთვლებს.დახვეწილი პროგნოზირების სისტემებისა და თოვლის საზომი მონაცემების გამოყენებით, ელექტროსადგურს შეუძლია უფრო ზუსტად განსაზღვროს წყლის შემოდინება, რაც ზრდის ელექტროენერგიის წარმოების დაგეგმვის სიზუსტეს.