მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აცრა სამედიცინო ინტერვენციაა, რომელიც სავალდებულო ვერანაირად ვერ იქნება - თამარ გაბუნია

615ec03c97a89
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.21 14:50
593
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი, საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა სხვადასხვა ხერხით დაიცვან, იქნება ეს ვაქცინაცია თუ კოვიდ-ტესტირება.

„აცრა სამედიცინო ინტერვენციაა, რომელიც სავალდებულო ვერანაირად ვერ იქნება. თუმცა მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს ბიზნეს გარემოში გარკვეული ეპიდ. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ანუ ბიზნეს გარემოში შეგვიძლია მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც ჩატარებული აქვს პისიარ ტესტი და ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული ან კოვიდი აქვს გადატანილი. ეს სამი პირობაა და აქედან უნდა ავირჩიოთ. ის, რომ ჩვენ ბიზნეს გარემოში ეს მოთხოვნები შეგვიძლია დავაწესოთ თავისთავში მოიცავს არჩევანის უფლებას და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას იმასთან დაკავშირებით - რა სამედიცინო ჩარევას ჩავიტარებ, იქნება ეს ვაქცინაცია, ტესტირება თუ პირბადის გამოყენება. ადამიანს უფლება აქვს სამედიცინო ინტერვენციის შესახებ თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ეს ცალსახა და ფუნდამენტური უფლებაა და ამაზე ვერც ვიდავებთ, მეორე მხარეა, რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებით და რა გარემოში. ეს მოთხოვნები არჩევანის უფლებას უნდა მოიცავდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, გარკვეული მოთხოვნების წაყენების მაგალითები კერძო და სახელმწიფო უწყებებში უკვე არსებობს და ამის კარგი მაგალითი თავად ჯანდაცვის სამინისტრო და პენიტენციური დაწესებულებებია, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უწყებებია და იქ რისკები და არჩევანის თავისუფლება დაბალანსებული უნდა იყოს.

"კერძო სექტორი იქნება, თუ გარკვეული სახელმწიფო უწყებები, ჩვენ რაღაც ეტაპზე დავაყენებთ მოთხოვნებს, რომელიც დღესაც კეთდება: მაგალითისთვის ჩვენს დაწესებულებაში თანამშრომლების ნაწილი ვაქცინირებულია, ისინი პერიოდულ სისტემურ ტესტირებას იკეთებენ, რადგან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მაღალ რისკებთან ვმუშაობთ. პენიტენციურ სისტემაშიც დაწესდა კარგი და სამართლიანი მოთხოვნები, რომელიც არჩევანის შესაძლებლობას იძლევა პისიარ ტესტირება იქნება, თუ ვაქცინაცია. იქაც მაღალ რისკებზეა საუბარი და ამდენად ამ რისკების და ადამიანის უფლებების გათვალისწინება ჩვენთვის ფუნდამენტურია. შესაბამისად, ეს საკითხები განხილვის ფაზაშია და აქ ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის სავალდებულოობის საკითხთან მიმართებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და ის თვლის, რისკების შეფასების გათვალისწინებით მანდატორული ვაქცინაციის დაწესება ქვეყანაში აუცილებელია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები