დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს აცრების სავალდებულოობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ის თვლის, რომ ვაქცინაციის მანდატორიზაცია უნდა მოხდეს, თუმცა იქვე აზუსტებს რომ ეს მისი პოზიციაა და საბჭოზე ეს საკითხი ჯერ არ განიხილება.
„მე და თქვენ ყოველთვის ერთ პოზიციაზე ვართ?! ეს არის ამირან გამყრელიძის პირადი მოსაზრება, რომელიც ამირან გამყრელიძის მიერ მართული ქვეყნის სერიოზული ინსტიტუციის შიგნით იხილება. მე ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ, ვიმეორებ იმას, რაც ბევრმა ქვეყანამ უკვე გააკეთა. მომხრე ვარ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის აცრა იყოს სავალდებულო, მაგრამ საბჭოზე ვაქცინაციის მანდატორიზმის საკითხი ჯერ არ განიხილება“, - ამბობს გამყრელიძე.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში აცრების სავალდებულოობა ადამიანის უფლებებთან, NCDC-ის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ პანდემიის პირობებში - არა.
„იურისპრუდენციაში ძალიან კარგად ვერკვევი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მეხუთე მუხლით ეს ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის. როდესაც პანდემიაა შეგვიძლია გარკვეული მანდატორიზმი შემოვიღოთ. ეს შეიძლება არ დაემთხვეს სხვების მოსაზრებას, მაგრამ მე ამას არ ვმალავ, ვაჟღერებ.
ყველაზე დიდი საერთაშორისო დოკუმენტი ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს დეკლარაციაა, სადაც ერთ-ერთი პირველი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებაა. ამიტომ როდესაც სავალდებულოობის საკითხი დგება, ყოველთვის ბჭობაა მოვდივართ თუ არა წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან მიმართებით. ერთიანი აზრი ამაზე არასდროსაა. ამიტომ სანამ მანდატორიზმზე გადავალთ ყველაფერი უნდა ვცადოთ, ამიტომ ახლა წარმოგიდგინეთ ორი ინიციატივა, რასაც ვაპირებთ, შემდეგ ვნახოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.